ბაგრატიონთა ორ შტოს შორის მიმდინარე საგვარეულო დავა - სასამართლოში საქმის პირველადი განხილვა დასრულდა. სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია დღეს ისტორიკოსებისგან ბაგრატოვნათა დინასტიის წარმომავლობის შესახებ შემონახულ ცნობებს ისმენდა.
როგორც ცნობილია, დედოფალი მეფეს უჩივის, მეფე კი დედოფლის ოჯახს სამეფო წარმომავლობის დამტკიცებას დნმ-ის კვლევით სთხოვს.
დღეს მოპასუხე მხარის ადვოკატმა განაცხადა, რომ ნუგზარ ბაგრატიონი სინამდვილეში სიხარულიძეა და, თუ ეს ასე არ არის, მაშინ გენეტიკური ანალიზით დაადასტუროს.
სასამართლოს დასრულების შემდეგ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის კომენტარი არ გაუკეთებია. მოსარჩელე ბაგრატიონ-გრუზინსკების ადვოკატმა კი დნმ-ის კვლევაზე უარი განაცხადა.
ლევან გორელიშვილის თქმით, ბაგრატიონ-მუხრანსკების მოთხოვნა რომ დაკმაყოფილდეს, მაშინ სვეტიცხოვლის ტაძრიდან პეტრე ალექსანდრეს ძე ბაგრატინისა და პეტრე პეტრეს ძე ბაგრატინის ცხედრების ექსგუმაცია უნდა მოხდეს, რასაც ოჯახი არ დაუშვებს.
„იმისთვის, რომ პირთა შორის ნათესაური კავშირი დადგინდეს, საჭიროა სვეტიცხოვლიდან მოხდეს ექსგუმაცია პეტრე პეტრეს ძე გრუზინსკის და პეტრე ალექსანდრეს ძე გრუზინსკის. ამ ჭორების გამოსარიცხად და იმ სისულელეებზე არგუმენტაციისთვის, რომ ვიღაცა სიხარულიძე ყოფილა, ბუნებრივია, მაგხელა რაღაცაზე ჩვენ არ წავალთ და ცხედრების ექსგუმაციის გადაწყვტილებას ვერ მიიღებს ოჯახი,“ - აცხადებს ბაგრატიონ-გრუზინსკების ადვოკატი, ლევან გორელაშვილი.
სასამართლო პროცესზე დღეს ისტორიკოსები გამოიკითხნენ. გიორგი ოთხმეზური ამბობს, რომ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი მეფეთა შთამომავალია.
იმავეს ამტკიცებს ისტორიკოსი იოსებ ბიჭიკაშვილი. მისი თქმით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატს დღეს ამის დასტურად ისტორიული დოკუმენტები წარუდგინეს.
მომდევნო სხდომა 11 აპრილს ჩაინიშნა.