17 ნოემბერი 2024,   13:46
ვრცლად
ხელისუფლება, როგორც მაფიოზებს სჩვევია, თვითდასაქმებულ ტაქსისტებს ართმევს იმ სამუშაო ადგილს, რომელიც თავად შექმნეს - გიორგი გუგავა

„ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა  ტაქსის მძღოლებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. ტაქსის მძღოლები იმ რეგულაციებს ეწინააღმდეგებიან, რომელიც ტაქსების თეთრად გადაღებვას ითვალისწინებს.

„გვეუბნება, რომ უნდა „გამიკრასკოს“ გარედან რაღაც ვაუჩერით, უნდა ვატარო რეკლამები. შიგნიდან მანქანა რჩება შავი, მე შავი მანქანა მყავს. ესე იგი, მე რომ გავყიდო მანქანა ეს მანქანა უნდა გავყიდო ერთ ორი ათასი დოლარით ნაკლებში,“- ამბობს ერთ-ერთი ტაქსის მძღოლი ირაკლი სიამაშვილი.

ლეიბორისტული პარტია ტაქსისტების უფლებების დაცვის საკოორდინაციო კომიტეტის შექმნას აპირებს, რომელიც მძღოლების საპროტესტო აქციებს კოორდინაციას გაუწევს.

„ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის, ტოტალური უმუშევრობის, სიღატაკის პირობებში ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება ზრუნავდეს ამ პრობლემების გადაწყვეტაზე, პირიქით, როგორც მაფიოზებს სჩვევია, თვითდასაქმებულ ტაქსისტებს ართმევს იმ სამუშაო ადგილს, რომელიც თავად შექმნეს.

„ლეიბორისტულ პარტიაში“ დღეს იქმნება ტაქსისტების უფლებების დაცვის საკოორდინაციო კომიტეტი, რომელიც უზრუნველყოფს საპროტესტო აქციებს, მსვლელობებს, სხვა ღონისძიებებს, რათა გავაუქმებინოთ ის უკანონო რეგულაციები, რომელიც დაუწესეს ამ ადამიანებს," - განაცხადა გუგავამ.

დღის ამბები