ოკუპირებულ რეგიონში 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების რეალური მიზეზი დაუდგენელია. როგორ ადგილობრივები ამბობენ, ის სავარაუდოდ რუსი ოკუპანტების წამებასა და ცემას შეეწირა.
საქართველოს ხელისუფლება დახმარებას საერთაშორისო პარტნიორებს სთხოვს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა ამბობს, რომ უცხოელი პარტნიორების დახმარება პირველ რიგში ცხედრის გადმოსვენებისთვის არის საჭირო, ხოლო შემდეგ თუ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების დანაშაული გამოიკვეთა, აუცილებელი გახდება საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა, რათა დანაშაულში მონაწილე პირებმა პასუხი აგონ.
„სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საგამოძიებო მოქმედებები განვახორციელოთ. ჩვენი იურისდიქცია არ ვრცელდება ამ ტერიტორიებზე, ამიტომ ჩვენ გვაქვს ისევ და ისევ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის იმედი, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ამ პროცესში და აქტიურად გვეხმარებიან, რომ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ცხედარი გადმოგვეცეს და მოხდეს შესაბამისი მოქმედებების განხორციელება და მერე იმაშიც უნდა დაგვეხმარონ, რომ პასუხისმგებლობა დადგეს იმ პირების, ვისაც მიუძღვის ბრალი იმ შედეგში, რომელიც დადგა,“-განაცხადა თამარ ხულორდავამ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე კი ამბობს, რომ მოლაპარაკებები დაწყებულია და ირაკლი კვარაცხელიას გადმოსვენების შემდეგ, ექსპერტიზა უკვე საქართველოში ჩატარდება.
თალაკვაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას სურს გადაამოწმოს მართლაც თავი მოიკლა თუ არა 29 წლის ირაკლი კვარაცხელიამ.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მყისიერად ჩაერთო, მოლაპარაკებები დაწყებულია და ვფიქრობ, დადებითად გადაწყდება, იმისთვის რომ ცხედარი დროულად გადმოეცეს ჩვენს მხარეს ექსპერტიზისთვის. ექსპერტიზა ჩატარდება, რა თქმა უნდა, სრულფასოვნად და მიზეზები დადგინდება. ვინაიდან დე ფაქტო ხელისუფლების წინასწარი განცხადებით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ისინი ასახელებენ თვითმკვლელობას, ჩვენ გვინდა რომ ეს გადავამოწმოთ ექსპერტიზით,“-აცხადებს არჩილ თალაკვაძე.