გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ციფრული გიდის პრეზენტაცია გაიმართა. ციფრული გიდის ფუნქცია მომხმარებელისთვის აუდიო და ტექსტური ინფორმაციის მიწოდებაა. აპლიკაცია გამორჩეულია იმითაც, რომ საინფორმაციო ტექსტს თან ახლავს თითოეული კუთხისთვის დამახასიათებელი ქართული ხალხური სიმღერები, ანსამბლ ”რუსთავის” შესრულებით.
„მომხმარებელს ციფრული გიდი სთავაზობს ძალიან სწრაფ და ასე ვთქვათ მყისიერ ინფორმაციას, ასევე სხვადასხვა ფუნქციებსაც, რომელიც არის ტექსტური ინფორმაცია, აუდიო ინფორმაცია, ნაციონალური მუსიკები დ სხვადასხვა საინტერესო რამ, რაც შეიძლება დამთვალიერებელს ან ტურისტს მოეწონოს. ჩვენთვის ეს არის მეორე მუზეუმი, მეორე პროდუქტი და ვფიქრობთ, რომ ძალიან მალე გლობალურ ბაზარზე გავალთ, ძალიან მალე ისეთ პროდუქტს შევქმნით, რომელიც მრავალ მილიონიან ბაზარს აითვისებს,“ - განაცხადა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტი მერაბ ლალიაშვილი.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ ხდება პროდუქტის შეძენა სხვადასხვა ფირმებისგან, არამედ პირიქით, ყველაფერს სტუდენტები თავად ქმნიან.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამას ქმნიან სტუდენტები, ეს იქმნება პროცესში. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არ წავსულიყავით იმ გზით, რომ შეგვეძინა ეს სხვადასხვა ფირმებიდან, არამედ პირიქით ხდება პროდუქტის შექმნა და ეს არის მე ვიტყოდი ის მიმართულება, რაც არის პრიორიტეტული ჩვენთვის და საერთო ჯამში ეს ყველაფერი არის საზოგადოებრივი განათლების ნაწილი,“ - განმარტა დავით ლორთქიფანიძემ.