ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობის საქმეს ევროკავშირი ეხმაურება. ”კურიერის” შეკითხვას ევროკავშირის წარმომადგენელმა წერილობით უპასუხა, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. ევროკავშირის წარმომდგენლის ინფორმაციით, "სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეცწარმომადგენელი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან ერთად დღეს მიემგზავრება ოკუპირებულ აფხაზეთში და იმედი აქვთ, რომ მომხდარ ფაქტზე უფრო მეტი დეტალის გარკვევას შეძლებენ.
29 წლის ირაკლი კვარაცხელია რუსმა ოკუპანტებმა შაბათს დააკავეს. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.
ირაკლი კვარაცხელია, ოკუპანტებმა სოფელ თაგილონისა და ნაბაკევის საოკუპაციო საზღვართან დააკავეს და რუსულ სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს.
თვითმხილველების ინფორმაციით, კვარაცხელიამ დაკავებისას ოკუპანტებს წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც რუსი ოკუპანტები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ადგილობრივების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაზიანებები ზურგისა და თავის არეში მიაყენეს,შემდეგ კი დახურულ სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს. მათი განცხადებით, ირაკლი კვარაცხელია ოკუპანტებმა ცემით მოკლეს.
ასევე "კურიერს" წყარო უყვება, რომ ახალგაზრდა მამაკაცს დაკითხვისას გული გაუსკდა.