წვევამდელებს, რომლებიც სავალდებულო სამხედრო სამსახურს კრწანისის სამხედრო ბაზაზე გადიან, მშობლებთან შეხვედრის უფლება მისცეს. რიგითი ჯარისკაცების მშობლები შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც 19 წლის ქაზიმ გახრამანოვმა ბაზაზე ფულის გამოძალვის და ცემის ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა.
წვევამდელების მშობლები ბაზაზე მივიდნენ და შვილებს შეხვდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯარისკაცების მშობლებმა თქვეს, რომ მათ შვილები თავს კარგად გრძნობენ. თუმცა მათ დაადასტურეს ინციდენტი, რომელზეც ქაზიმ გახრამანოვი საუბრობდა.
„ყველაფერი კარგად არის, ჩვენი შვილი არ არის ნაცემი. ისე ჩხუბი, რომ მოხდა მართალიაო. სამი-ოთხი ბიჭი მართლაც ნაცემია. ფული მოუთხოვიათ და ზოგს, რომ არ უნდოდა მიცემა მაგის გამ უცემიათ,“-განაცხადა ერთ-ერთი წვევამდელის მამამ ვაჰიდ ჯაფაროვმა.
შეგახსენებთ, რომ კრწანისის სამხედრო ბაზაზე ფიზიკური ძალადობისა და ფულის გამოძალვის შესახებ განცხადება, ქაზიმ გახრამანოვის გარდა კიდევ ერთმა წვევამდელმა გააკეთა, რომელმაც მშობლებს წერილი გამოუგზავნა და დახმარება ითხოვა. ალთუნ აშიროვი უკვე გამოიკითხა. მისი ჩვენების საფუძველზე 7 პირს უფლებამოსილება შეუჩერდა.
ავტორი: ნინო გაზდელიანი