ირაკლი სესიაშვილის ახალი საკანონმდებლო ინიციატივა სხვადასხვა რელიგიური კონფესიის პროტესტის მიზეზი გახდა.
"ქართული ოცნების" დეპუტატის ინიციატივის მიხედვით, გაუქმდება ნორმა, რომლითაც მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობენ. თუმცა „ქართული ოცნების“ წევრის თქმით, ცვლილება მართლმადიდებელ სასულიერო პირებზე არ გავრცელდება.
სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლის შეფასებით, პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის კანონპროექტი დისკრიმინაციულია.
„ზედაპირზე დევს აშკარა დისკრიმინაციული მიდგომა. ეს არ შეესაბამება არც ჩვენს კანონმდებლობას, არც კონსტიტუციას და არც იმ სულისკვეთებას, რომელიც წესით გვაქვს, ჩვენს ქვეყანაში. ქვეყანა, რომელსაც დემოკრატიულ ქვეყნად ვაშენებთ, რომელსაც ვაშენებთ სეკულარულ და დამოუკიდებელ ქვეყნად. იმედს ვიტოვებ, რომ ამ ინციატივას წარმატებული გაგრძელება არ ექნება. აუცილებლად გავასაჩივრებთ. ვფიქრობ, რომ იურისტებს დიდი წვალება არ დასჭირდებათ საკონსტიტუციო სასამართლოში.
"ცოტა უცნაურად საეჭვოდ ემთხვევა მსგავსი ინიციატივები და მოვლენები იმ პროცესებს, რაც ახლა მიმდინარეობს პარლამენტში, იმ სიგნალებს, რომ ჩვენს საკანონმდებლო ორგანოს უნდა რელიგიის შესახებ კანონზე იმუშაოს. ერთ-ერთი არგუმენტი შეიძლება ზუსტად ეს მოვლენაც იყოს,“ - განაცხადა რუსუდან გოცირიძემ.
იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება ამოქმედდება, სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.
„დისკრიმინაციას არ დავასახელებ, უფრო ეს არის არათანასწორი უფლებები. მინდა, მარტივი მაგალითით აგიხსნათ. როგორც ეკლესიის მსახური, მე არ შემიძლია, ჩემი მრევლიდან ერთს უფრო დიდი ყურადღება მივაქციო, ვიდრე მეორეს. უნდა იყოს თანასწორობა,“ - განაცხადა საქართველოში სომხური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის დიაკვანმა, არტაკ ანტონიანმა.
ირაკლი სესიაშვილის ინიციატივის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ რელიგიის მიხედვით, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელს ეკრძალება ჯარში მსახური, სამხედრო სავალდებულო სამსახურის ნაცვლად შეეძლება, დაცვის პოლიციაში იმუშაოს.