ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების სასწავლო რესურსების პრეზენტაცია გაიმართა.
მასწავლებლებისთვის ახალი სახელმძღვანელოსა და ინტერნეტ გამოკითხვების შექმნა ნიდერლანდების საელჩომ დააფინანსა. ორგანიზატორების აზრით, ინიციატივა ხელს შეუწყობს სკოლის მოსწავლეებში მედია ინფორმირებულობის დონის ზრდას.
მედიის განვითარების ფონდის შემუშავებული პროექტის შემდეგი ეტაპი, სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის სპეციალურად შემუშავებულ ტრენინგებს ითვალისწინებს.
ღონისძიებას, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც თვლიან, რომ მსგავსი ტიპის სახელმძღვანელოების შექმნა ყალბი ინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში წინგადადგმული ნაბიჯია.
„ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციის კრიტიკული ანალიზი, ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირება, ვინაიდან ეს არის არა უბრალოდ რაღაც სტანდარტების დარღვევა, არამედ არის უსაფრთხოების გამოწვევა,“ - განაცხადა მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ კინწურაშვილმა.
ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იოჰანეს დოუმას თქმით, ამ პროექტის დაფინანსების მიზეზი სწორედ ის იყო, რომ მოქალაქეებმა თავისუფლების დაცვა ისწავლონ და გაარჩიონ რა ტიპის ინფორმაცია მიიღონ და რა არა.
„ეს გარკვეულ წილად საქართველოს მოქალაქეებს ეხებათ. ისინი ინფორმაციის მიმღები არიან და შესაბამისად უნდა იცოდნენ რა ტიპის ინფორმაცია უნდა მიიღონ და რა ტიპის არა. ის თავისუფლებები, რომლებიც თქვენ გაგაჩნიათ უნდა იყოს დაცული თვითონ მოქალაქეების მიერ, სწორედ ამიტომ დავაფინანსეთ ეს პროექტი,“ - განაცხადა იოჰანეს დოუმამ.