17 ნოემბერი 2024,   13:52
ვრცლად
ოკუპანტების რაოდენობა პერიმეტრზე გაიზარდა - "ანტისაოკუპაციო მოძრაობამ" ფოტომასალა გაავრცელა

"ანტისაოკუპაციო მოძრაობაში" ოკუპანტების გააქტიურებაზე საუბრობენ. მათი თქმით, ბოლო რამდენიმე კვირაა, რუსი ოკუპანტები პატრულირებენ საოკუპაციო ხაზთან და მშვიდობიან მოქალაქეებზე ნადირობენ.

"ანტისაოკუპაციო მოძრაობის" წარმომადგენლებმა ფოტომასალაც გაავრცელეს, სადაც ასახულია თუ როგორ გადაადგილდებიან სოფელ ატოცთან საოკუპაციო რეჟიმის, სავარაუდოდ, საინჟინრო დანაყოფის წარმომადგენლები.

ისინი არ გამორიცხავენ, რომ ოკუპანტებმა ისევ განაახლონ ე.წ. საზღვრების გავლება, თუმცა ამბობენ, რომ ისინი ნებისმიერი პროვოკაციისთვის მზად არიან და პატრულირებას განაგრძობენ.

„ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ვაკვირდებით, რომ მათი რაოდენობა გაიზარდა პერიმეტრზე. მართალია, ჯიხურში ისევ ორი ოკუპანტია, მაგრამ ახლო-მახლო ტყის განაპირას პატრულირებს კიდევ ორი და ორიც დამატებით ზოლზე. საერთო ჯამში 6 ოკუპანტი გვყავს დღის განმავლობაში ატოცში. ისინი გვაკვირდებიან. გვიღებენ ფოტოებს, ვიდეოს და, ალბათ, შემდეგ ბაზაში აგზავნიან. ასევე, წინანდელთან განსხვავებით, ისინი ნიღბების გარეშე მოძრაობენ. შევნიშნეთ და ფოტოები გადავიღეთ, სადაც საინჟინრო ბატალიონის კუთვნილი საბჭოთა მანქანები მოძრაობენ ატოცში. სავარაუდოდ, ძარაზე აქვთ ის საინჟინრო ნაგებობები, რომლებიც დასჭირდებოდა მავთულხლართების გავლებას,“ - განაცხადა ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშიას“ აქტივისტმა, ლაშა ბერულავამ.

შეგახსენებთ, რომ გალის გარდა საქართველოს მოქალაქეები ცხინვალის იზოლატორშიც დაატყვევეს. როგორც ცნობილია, სოფელ ყარაფილადან გატაცებული ორი მოქალაქე ალან მარღიშვილი და გიორგი ჩიტიშვილი უკვე ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები