კლანი უნდა წავიდეს - საპროტესტო წარწერა მაისურებზე და სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა კანონმდებლებს.
გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პარლამენტში, საპროცედურო კომიტეტის სხდომას დაესწრებიან.
კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე უზენაეს სასამართლოში გამწესების მსურველ მოსამართლეთა შერჩევის შესახებ მომზადებულ კანონპროექტებს განიხილავენ. როგორც სამოქალაქო საზოგადოების წევრები ამბობენ, არ აქვს მნიშვნელობა დეპუტატები რომელ კანონპროექტს მიიღებენ, რადგან სასამართლო სისტემაში რეალური ცვლილებები მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ კლანური მმართველობა დასრულდება.
„არც ერთი კანონპროექტის მიღებას არ აქვს აზრი, თუ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დარჩება იგივე შემადგენლობა მოსამართლეების, ვინც ამ დრომდე გვყავს ჩვენ. ბოლომდე ვერცერთი კანონპროექტი ვერ დააზღვევს იმ გამოწვევას, რომელიც დღეს ჩვენ გაგვაჩნია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვახსენებთ ხელისუფლებას, კიდევ ერთხელ ვახსენებთ, ამ შემთხვევაში, იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებს, რომ ბოლოს და ბოლოს კლანი სასამართლო სისტემის უნდა წავიდეს. ის, რომ შეიძლება ერთი, ორი, ან სამი მოსამართლეობის კანდიდატი უზენაეს სასამართლოში არ იყოს წარმოდგენილი ახალ ნომინირებულ სიაში, ეს არ ცვლის არსებითად არაფერს, თუკი სასამართლო სისტემაში დარჩებიან ის ადამიანები, ვინც მთელი ამ ხნის განმავლობაში მართავს ამ სისტემას. მართავს ფარულად, ყოველგვარი კანონის და კანონის მოთხოვნების მიღმა,“- აცხადებს საიას ხელმძღვანელმა სულხან სალაძემ.
შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურების შესახებ სამი კანონპროექტია მომზადებული.
ერთი დოკუმენტი ირაკლი კობახიძემ და უმრავლესობის ექვსმა დეპუტატმა მოამზადა. მეორე კანონპროექტის ავტორები ეკა ბესელია და მისი თანამოაზრეები არიან, მესამე პროექტი კი “ევროპულ საქართველოს“ ეკუთვნის.