სოფელ ხურვალეთთან პოლიციის საგუშაგოსთან იმყოფებიან ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლები. ისინი ხურვალეთში რუსი ოკუპანტების შესვლას ადასტურებენ.
დავით ქაცარავას ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ერთ-ერთი მოქალაქის ბაღი დაიკავეს. ქაცარავა მთავრობის წევრებს ადგილზე ჩასვლისკენ მოუწოდებს.
„მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ რუსები შემოვიდნენ ბაღებში, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, იქ, სადაც რამდენიმე დღის წინ ჩვენ ჩვეულებრივად შევდიოდით, სადაც მოქალაქეები და მოსახლეობა მუშაობდა, შედიოდა თავსი ბაღებში - დღეს იქ უკვე რუსები არიან. სურათებიც კი არ გადააღებინეს ქალბატონს, რომ გადმოეგზავნა და ეჩვენებინა ჩვენთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვასკვნით, რომ სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია, უკიდურესად რთულია. შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ მთელი მთავრობის შემადგენლობის, მთელი სამოქალაქო სექტორის აქ ჩამოსვლას იმიტომ, რომ რუსები გვართმევენ კიდევ მიწებს,“ - განაცხადა ქაცარავამ.
საგუშაგოსთან ასევე იმყოფებიან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
„არ გვატარებენ იმ მიზეზით, რომ რაღაც ხდება იქ რეალურად და არიან გადმოსულები რუსები. მე და ჩემი მეგობრები ჩამოვედით, რომ ჩვენი ხელებით დავიცვათ, არანაირი იარაღი ჩვენ არ გვაქვს და იქ დავდგეთ სამოქალაქო საზოგადოება,“ - აღნიშნა ანა ჭარხალაშვილი.
საოკუპაციო ხაზთან პანიკაა, სოფელ ხურვალეთში, რუსი ოკუპანტების დამატებითი დანაყოფები გადაისროლეს.
რუსმა ჯარისკაცებმა მავთულხლართები გადმოლახეს და ერთ-ერთი ადგილობრივის ბაღში დაბანაკდნენ. ჩახერგეს მათ მიერვე ცოტა ხნის წინ აშენებული სათვალთვალო საგუშაგომდე მისასვლელი გზა.