ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერაქტის დროს დაშავებულებსა და დაღუპულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან - ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც, საქართველოს ელჩი ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, სამოაში, სოლომონის კუნძულებზე, ფიჯისა და ვანუატუში გიორგი დოლიძე აცხადებს, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს საელჩოს გავრცელებული აქვს შესაბამისი რეკომენდაციები.
„ამ ეტაპისთვის არ დასტურდება დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეების ყოფნა. საელჩოს მიერ სათანადო ინსტრუქციების თანახმად გავრცელდა ინფორმაცია, საქართველოს მოქალაქეებისთვის,“-აცხადებს გიორგი დოლიძე.
რაც შეეხება უშუალოდ ტერაქტს, ბოლო ინფორმაციით, მომხდარის შედეგად 49 ადამიანი დაიღუპა. ბრიტანული გამოცემა „დეილი მეილის“ მიერ გამოქვეყნებული ფოტომასალის თანახმად, თავდამსხმელებს, ავტომატის მჭიდებზე ქართულენოვანი წარწერები ჰქონდათ.
მჭიდებზე, რომელიც ტერაქტის შემდეგ სამართალდამცველებმა ტრაგედიის ადგილიდან ამოიღეს, ქართულ ენაზე დავით სოსლანი და დავით აღმაშენებელი წერია. უცნობია, საიდან და როგორ მოხვდა იარაღზე წარწერები. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია საიდან ან როგორ გაჩნდა ტერაქტის ადგილზე მჭიდები ქართული წარწერით.
"ამ ეტაპისთვის ქართულ მხარეს არანაირი ინფორმაცია ამ სურათების ავთენტურობის დამადასტურებელი არ გააჩნია,"-ამბობს დოლიძე.