წყალტუბოში მცხოვრები ნანა ჩირგაძე პოლიციას შვილზე ძალადობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, 10 მარტს არასრულწლოვანს სამართალდამცავებმა სასტიკად სცემეს და დაკავებისას სიგარეტით ხელი ამოწვეს.
მისი მტკიცებით, პოლიციელებმა ნიკა შვანგირაძე წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს. არასრულწლოვნის დედის თქმით, მას პოლიციელები თანამშრომლობას სთხოვდნენ.
შვანგირაძეს ქურდობის მცდელობისთვის ორწლიანი პირობითი სასჯელი აქვს მისჯილი. ნანა ჩირგაძის თქმით, 17 წლის ბიჭს სახესა და მუხლებზე დაზიანებები აღენიშნება და ამჟამად ქუთაისის მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.
მისივე განმარტებით, ნიკა შვანგირაძესთან ერთად წყალტუბოს პოლიციაში მისი სამი მეგობარიც დააკავეს და მათ სამდღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
„დაკავებულია სამი პირი, რომლებიც მივიდნენ, დაინახეს, როგორ ჩააგდეს ჩემი შვილი მანქანაში. გამოიძახეს „პიკაპი,“ პოლიციის ორი მანქანა, როგორ ურტყამდნენ ჩემს შვილს. ეს პირები პოლიციაში დაკავებულები არიან, რომ ატეხეს პოლიციაში ერთი ამბავი, არასრულწლოვანია, რატომ წამოიყვანეთ დედის გარეშე,“ - განაცხადა არასრულწლოვნის დედა, ნანა ჩირგაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალურმა ინპექციამ ფაქტის შესწავლა დაიწყო.