17 ნოემბერი 2024,   13:28
ვრცლად
ანაკლიის კონსორციუმის წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ექსპერტებს შეხვდნენ

ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების საკითხი - ანაკლიის კონსორციუმის წარმომადგენლები დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ექსპერტებს შეხვდნენ. შეხვედრაზე თიბისი ბანკის დამფუძნებლების წინააღმდე გამოძიების დაწყების შემდეგ შექმნილი ვითარების შესახებ დეტალური საუბარი შედგა.

ექსპერტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები თვლიან, რომ პროექტი მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად, ამიტომ ის უნდა განხორციელდეს.

„ის რიტორიკა ხელისუფლების მხრიდან, რომ რა კავშირი აქვს ანაკლიას სისხლის სამართლის საქმესთან, ეს რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უტიფარი თავის გაბრიყვებაა და მეტი არაფერი, იმიტომ, რომ როდესაც არ არის დაკონტრაქტებული ჯერ ფინანსური პაკეტი და ამ დროს მთავარი ოპერატორის ასეთი სისტემური დისკრედიტაცია მიმდინარეობს,“- აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.

მისსავე აზრს იზიარებს ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი. მისი თქმით, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ მიმდინარე მოვლენები ირიბად საფრთხეს უქმნის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელებას.

„ის პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს თიბისი ჯგუფის, კონკრეტულად მისი მთავარი აქციონერის მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ, რასაკვირველია, ერთის მხრივ საფრთხეს უქმნის უშუალოდ თიბისის და მეორეს მხრივ, ირიბად საფრთხეს უქმნის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტის განხორციელებას, დამოუკიდებლად იმისა, რას აცხადებენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები,“- ამბობს ტაბლიაშვილი.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის, ლევან ახვლედიანის ადასტურებს, რომ თიბისი ბანკის და მისი მთავარი აქციონერის გარშემო მიმდინარე მოვლენები პროექტის განხორციელებისთვის ხელის შემშლელ ფაქტორს წარმოადგენს.

„ხელს გვიშლის? კი, ნამდვილად გვიშლის ხელს ეს პროცესები, ჩვენი ინვესტორები გამოთქვამენ შეშფოთებას,“- აცხადებს ახვლედიანი.

 

დღის ამბები