ორთაჭალაში მშენებარე კორპუსიდან სამი ადამიანი გადავარდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთი მათგანი კლინიკაში დაიღუპა. მესამე დაშავებული ამ დროისთვის ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. აღნიშნული ფაქტი დღეს დილით მოხდა.
მუშები ორთაჭალაში, ბეჟან კალანდაძის 12 ნომერში მდებარე მშენებარე კორპუსის მაღალ სართულზე გარე ფასადის ღებვით სამუშაოებს აწარმოებდნენ. სამივე მათგანი ხარაჩოზე იმყოფებოდა. კურიერის ინფორმაციით, გაწყდა ტროსი, რომელზეც ხარაჩო იყო დამაგრებული. ადგილზე 28 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, ხოლო 53 წლის მამაკაცი კლინიკა ამტელში რამდენიმე წუთის წინ დაიღუპა.
სამშენებლო სამუშაოებს ემ-ჯი ალიანსი ასრულებს. რამდენად იყო დაცული მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმები, კომპანიაში ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.