ცენტრ პოინტის დაზარალებულთა ნაწილი ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან შეიკრიბა. ისინი ქართული ოცნების თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ 6 200 ოჯახს, რომლებიც წლებია, დახმარებას უშედეგოდ ითხოვენ, პასუხს არავინ სცემს. მათი თქმით, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე ცენტრ პოინტის დაზარალებულთა პრობლემა ვერ მოგვარდება.
დაზარალებულები მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მასშტაბური აქციების გამართვას გეგმავენ.
"ჩვენი ვითხოვთ მხოლოდ კეთილ ნებას სახელმწიფოსგან, სახელმწიფოს ჩარევას. ინვესტორის მოძიებას, მისთვის ხელის შეწყობას, მშენებლობის კონტროლს. ამას ვერ მივაღწიეთ მე-7 წელია. დღეს აქ ამოვედით, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარესთან, ბატონ ბიძინასთან, რომ ვთხოვოთ, ჩვენც ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და ჩვენთვის სამართლიანობა არ აღდგა. მე ვერ შეველევი და ვერ შევეგუები ვერასოდეს ამას, ამ გაუგონარ უსამართლობას, რის წინაშეც სახელმწიფომ დაგვაყენა,“ - განაცხადა ცენტრ პოინტის დაზარალებულმა, ნინო მანველიძემ.