სიტყვიერი დაპირისპირება იურიდიული კომიტეტის სხდომაზე - ეკა ბესელიამ დავით მათიკაშვილს მეტი სიდინჯისა და ნებისყოფის გამოჩენისკენ მოუწოდა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მსურველი კანდიდატების გამწესებისა და შერჩევის შესახებ ირაკლი კობახიძისა და ექვსი დეპუტატის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს განიხილავენ, ეკა ბესელიასა და დავით მათიკაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ბესელიას განცხადებით, მას უმრავლესობის კანონპროექტთან დაკავშირებით 10 კითხვა აქვს ყოფილ თანაგუნდელებთან. ბესელია ამბობს, რომ კობახიძის მიერ ინიცირებულ კანონპროექტში მოსამართლეთა შერჩევის პროცესში პარლამენტის როლი დაკნინებულია, მას უფლებაც კი არ აქვს კანდიდატი მოსამართლეების შესახებ ბიოგრაფიული ცნობები მოიძიოს.
ბესელიას სიტყვა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა შეაწყვეტინა. მათიკაშვილმა მოუწოდა ეკა ბესელიას ლაკონურად გადმოეცა სათქმელი, რაზეც მას ბესელიამ უპასუხა, რომ საქმიანად საუბრობს და დროსაც ზოგავს. ბესელიამ სთხოვა ყოფილ თანაგუნდელს სიტყვა აღარ გაეწყვეტინებინა.
„კომიტეტი მიჰყავს კომიტეტის თავმჯდომარეს ან მისი მოვალეობის შემსრულებელს, ის განსაზღვრავს რეგლამენტს და აძლევს სიტყვას მომხსენებელს, გისმენთ,“-მიმართა ბესელიას მათიკაშვილმა.
ბესელიამ კი მას მეტი სიმშვიდისა და სიდინჯისკენ მოუწოდა და ურჩია ჭკუის სწავლებისთვის თავი დაენებებინა.
„ახლა თუ კიდევ გააგრძელებ ხელის შეშლას მომიწევს რაღაცეები შეგახსენო და რეგლამენტის პროცედურები გაგაცნო. გავანებოთ თავი ჭკუის სწავლებას, მაგ როლიდან ლაპარაკს ცოტა მეტი წინდახედულება უნდა და თუ დროს დამაკარგინებ კიდევ მეტი დრო დაიკარგება, დაწყნარდი, დამშვიდდი და დამაცადე. კომიტეტს აქვს 5 კვირა და თუ ძალიან არ სულსწრაფობთ ნებისყოფა გეყოფათ, მომისმინე, დინჯად მოიქეცი ცოტა და მომისმინეთ,“-მიმართა ბესელიამ მათიკაშვილს.