კლანი უნდა წავიდეს - საპროტესტო წარწერა მაისურებზე და სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი იურიდიული კომიტეტის სხდომაზე.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები უზენაეს სასამართლოში გამწესების მსურველ მოსამართლეთა შერჩევის შესახებ უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს აკრიტიკებენ.
როგორც სამოქალაქო საზოგადოების წევრები ამბობენ, არ აქვს მნიშვნელობა დეპუტატები, რომელ კანონპროექტს მიიღებენ, რადგან სასამართლო სისტემაში რეალური ცვლილებები მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება თუ კლანური მმართველობა დასრულდება.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საერთაშორისო სამართლის სპეციალისტები ამბობენ, რომ მმართველი გუნდის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს ვერც ერთი ყოფილი მოსამართლე, თუ მას საკვალიფიკაციო ტესტირება არ აქვს გავლილი. მათი თქმით, პრობლემა იმაში მდგომარეობას, რომ ამ გამოცდების ჩატარება სწორედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელშია.
„თავად ეს გამოცდები მოსამართლის, მისი ჩატარება, არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ კლანის ხელში, რომელის ინტერესებსაც სწორედ არ წარმოადგენს იმგვარი ადამიანებისგან უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება, რომლებიც არიან მათი ინტერესების მიღმა,“-აცხადებს დავით ჯანდიერი.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე ამბობს, რომ აღნიშნული გამოცდების ჩასაბარებლად მოსამართლეობის მსურველ პირებს ძალიან ცოტა დრო ეძლევათ. მისი აზრით, მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების განხილვის პარალელურად აუცილებელია აქცენტი გაკეთდეს იმაზე, რომ "კლანი უნდა წავიდეს".