17 ნოემბერი 2024,   13:43
ვრცლად
ინციდენტი გურჯაანის საავადმყოფოში - ექიმი პაციენტს ფიზიკურად გაუსწორდა

ფიზიკური დაპირისპირება გურჯაანის საავადმყოფოში. ექიმმა კლინიკაში მისულ პაციენტს სცემა. ინციდენტს წინ, სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.

ვითარება „ნიუ ჰოსპიტალში“ მაშინ დაიძაბა, როცა პაციენტმა გადაწყვიტა, რომ მედპერსონალის აგრესიული მოქმედებები ვიდეოთი გადაეღო. ეს კი ექიმმა „არაკაცურად“ მიიჩნია, პაციენტს კამერა წაართვა და სცემა.

ხვიჩა სამადაშვილის თქმით, გურჯაანის საავადმყოფოს პირველად შაბათს მიმართა. დღეს კი გეგმიურ გადახვევაზე იყო დაბარებული. 

პაციენტი ხსნარის დასხმას ითხოვდა, თუმცა, ექიმმა უარი განუცხადა.

„არ მიკეთებენ ნიუ ჰოსპიტალში იმას, რასაც ვეუბნები და თავის ნებაზე აკეთებენ. არაკაცური ეს არაფერი არ არის. უნდათ, რომ ნაოპერაციები ამაგლიჯონ,“ - ამბობს პაციენტი.

ექიმმა, ნუკრი ბაღაშვილმა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ პაციენტი ვიდეოს იღებდა, კამერასთან განაცხადა, რომ პაციენტი „ინტრიგანია“.

„არაკაცურად იქცევა, იმიტომ, რომ ჭუჭყიანზე მთხოვს დასხმას, მე კიდევ არ გავაკეთებ. არასწორად იქცევა, ინტრიგანია,“ - ამბობს ექიმი.

ხვიჩა სამადაშვილი მომხდარს იხსენებს და ამბობს, რომ ექიმმა ტელეფონი ხელიდან გამოსტაცა.

"ტელეფონი გამომტაცა ხელიდან, მთელი გაწევ-გამოწევა იყო. კასტილი ავიშვირე, არც მოხვედრია. გამოვდივარ კარებში და გამოექანა იქ, ჯერ კარები მომიბრახუნა, ლამის გადმოვვარდი იქ და ვინც იდგა იმათ დავეჯახე და იმათ შემაკავეს და მერე გამოვედი. სანამ წამოვიდოდი, ეს კაცი კიდევ იწევდა," - ამბობს სამადაშვილი.

დილით მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ექიმი განმარტებას არ აკეთებს. საავადმყოფოს მენეჯერი კი ამბობს, რომ პროვოკაცია პაციენტმა დაიწყო. მისი თქმით, დაზიანებულია ინვენტარი, რაზეც შესაბამისი შეტყობინება არის პოლიციაში გაკეთებული.

დღის ამბები