„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე დევნილთა სამინისტროს ორი მაღალჩინოსნის მიმართ სისხლის სამართლის საქმის დაწყებას ითხოვს.
ბესო შენგელიას განცხადებით, მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი და დევნილთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი მურად აბლოტია უფლებამოსილებას ბოროტად იყენებენ. შენგელიას თქმით, მაღალჩინოსნები ქრთამის აღების სანაცვლოდ საცხოვრებელ ბინებს თავის ახლობლებს გადასცემენ.
„პროკურატურას მივმართავთ დაიწყოს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დევნილთა სამინისტროს ორი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ. ეს არის მინისტრის მოადგილე ბატონი მამუკა ცოტნიაშვილი და დევნილთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბატონი მურად აბლოტია. ის ადამიანები, ვინც სჩადიან დანაშაულს, ვინც არღვევენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს, არ უდნა იყვნენ თანამდებობაზე,“- განაცხადა შენგელიამ.
აღნიშნული საკითხი დღეს იძულებით გადაადგილებულმა პირებმაც გააპროტესტეს და მთავარ პროკურატურასთან აქცია მოაწყვეს. ისინი 26-წლიანი ლოდინის შემდეგ, საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.