ქართველი და უცხოელი არტისტები მასშტაბური ექსპოზიციისთვის ემზადებიან. ხელოვანები ემიგრაციამ, მიგრაციამ და დევნილობამ გააერთიანა. ამ მძიმე თემის ირგვლივ 20-მდე არტისტი საკუთარი ფოტო, ვიდეოინსტალაციას, ნახატსა თუ სკულპტურას გამოფენს.
ნინო საკანდელიძის 10 წლის წინ გადაღებული სურათები ახლაც არ კარგავს აქტუალობას და სპეციალურად ამ ექსპოზიციისთვის მის ახალ ნამუშევართან ინტეგრირებულად რკინის კონსტრუქციაზე იქნება წარმოდგენილი, რომელიც თითქოსდა სივრცის გამყოფი იქნება.
რამდენიმე საფეხურის ავლის და ძაფზე ფოკუსირების შემდეგ გიო სუმბაძე ძველი პროექტის განახლებას იწყებს. კონსტრუქცია, რომელიც საბოლოოდ ერთმანეთთან ბევრი წვრილი ძაფით იქნება დაკავშირებული, ხელოვანმა პირველად 19 წლის წინ გააკეთა და დღეს სკულპტურათა კავშირი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა.
ქართველი და უცხოელი არტისტების ნამუშევრები ერთი თვით ერთ სივრცეში გაერთიანდება. 20 მარტიდან სასტუმრო სტამბა გამოფენა ”გემის ჩაძირვას” უმასპინძლებს.