17 ნოემბერი 2024,   13:51
ვრცლად
სასამართლოს კიდევ ერთი ბიზნესმენი უპირისპირდება - „სტერეო პლუსის“ დამფუძნებლის მტკიცებით, შევიწროების მსხვერპლია

სასამართლოს კიდევ ერთი ბიზნესმენი უპირისპირდება. ქვეყნის ნაციონალური მულტიპლექსის, „სტერეო პლუსის“ დამფუძნებელი, დავით ზილფიმიანი ამტკიცებს, რომ შევიწროების მსხვერპლია.

ზილფიმიანი უზენაეს სასამართლოს არაკონსტიტუციური გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს და „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული კონკრეტული ბიზნესმენების ინტერესებზე საუბრობს. ორ ინსტანციაში საქმის მოგების შემდეგ უზენაესმა სასამართლომ ზილფიმიანი გაამტყუნა.

„სტერო პლუსის“ დამფუძნებელი ამტკიცებს, რომ დავით ბეჟუაშვილი, რომლის კომპანიასთანაც ის დავობს, ხელისუფლებასთან დაახლოებულია და ამ გავლენების გამოყენებით, უზენაესმა სასამართლომ ზილფიმიანი გაამტყუნა.

საუბარია 11 წლის წინანდელ ტრანზაქციაზე, რომელზეც ბეჟუაშვილი მხარე აცხადებს, რომ სესხია, ხოლო ზილფიმიანი კი ამბობს, რომ ეს იყო კონკრეტული ვალდებულებების დაფარვა და საქმეში სესხის ხელშეკრულება არ არსებობს.

„სტერეო პლუსის“ დამფუძნებლის თქმით, ბეჟუაშვილი ცდილობს, რომ კომპანიის წილების დაყადაღების შემდეგ, აიძულოს, რომ ის გაყიდოს და შემდეგ კომპანიას თავად ბეჟუაშვილი დაეუფლოს.

დავით ზილფიმიანის მხარემ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, რომელმაც აღსრულება ამ დროისთვის შეაჩერა. ბიზნესმენის თქმით, თუ სამართალი საქართველოში ვერ აღსრულდება, საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაგრძელდება.

„ის გულში ჩაკვრა, რაც ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენებს შორის ხდება, მათთვის ყველაფერი ადვილად მიღწევადია. ამაზეა საუბარი. გარემო უზენაეს სასამართლოში, ალბათ, მხარედ იყო იმისთვის, რომ ეს შედეგი დამდგარიყო, რადგან ცხადია, არავისთვის არ არის დასამალი, რაოდენ კომფორტულად და ჰარმონიულად იმყოფება დღეს მსგავსი ბიზნესმენი საქართველოში,“- განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

დღის ამბები