არასამთავრობო ორგანიზაციები რკინიგზით სატვირთო გადაზიდვების შემცირების მიზეზების დასადგენად სპეციალური კვლევის განხორციელებას აპირებენ. ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა ჰაბ ჯორჯია და საქართველოს გზების ასოციაცია ტვირთების გადაზიდვის მიმართულებით არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე საუბრობენ.
ჰაბ ჯორჯიას აღმასრულებელი დირექტორის თქმით, სატრანსპორტო სექტორში მნიშვნელოვანი კრიზისია და არსებობს გარემოებები, რომლებიც კითხვებს აჩენს. კერძოდ, გამოიკვეთა ტენდენცია, როდესაც ტვირთები, რომელთა გადაზიდვაც წლების განმავლობაში სარკინიგზო ტრანსპორტის მეშვეობით ხდებოდა, საავტომობილო ტრანსპორტზე გადაიყვანეს, რაც შემდგომ ქვეყნის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე კოლაფსს იწვევს.
„სატრანსპორტო სექტორში არის მნიშვნელოვანი კრიზისი. განსაკუთრებით მწვავე, ეს არის სატვირთო გადაზიდვების კომპონენტში. ვხედავთ პროცესებს, როცა ტვირთები, რომლებიც წლებია, გადაიზიდებოდა სარკინიგზო ტრანსპორტით, ხდება ამ ტვირთების გადართვა საავტომობილო ტრანსპორტზე, რაც შემდეგ იწვევს უკვე კოლაფსს ჩვენს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე. ამას შეიძლება, რამდენიმე გამომწვევი მიზეზი ჰქონდეს და დღეს გამოიკვეთ ეს მიზეზები. ეს არის სახელმწიფოს არასწორი სატრანსპორტო პოლიტიკა, ეს არის რკინიგზის არასწორი მენეჯმენტი და იქ არსებული ბარიერები მონოპოლიის სახით, კორუფციის სახით,“ - განაცხადა ვასო ურუშაძემ.
საქართველოს ტრანსპორტის და გზების ასოციაციის თავმჯდომარის, დავით მესხიშვილის, განცხადებით, გარდა იმისა, რომ საავტომობილო გადაზიდვების გამო გზებზე სახიფათო მდგომარეობა იქმნება, სახელმწიფო რკინიგზის განვითარებაზე არ ზრუნავს, რაც ასევე კითხვების გაჩენის საბაბი ხდება.
„ერთი მხრივ, გზებზე იქმნება ასეთი სახიფათო სიტუაცია, ხოლო მეორე მხრივ, საქართველო, როგორც სახელმწიფო, არ ავითარებს რკინიგზას და ზუსტად აქ ჩნდება მთავარი კითხვები. ჩვენ გვექნება უახლოეს პერიოდში კონკრეტული რეკომენდაციები შესაბამის სახელმწიფო უწყებების მიმართ,“ - აცხადებს მესხიშვილი.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სპეციალურ კვლევაში ჩართულები იქნებიან ექსპერტები, სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები და კერძო სექტორი. კვლევის ფარგლებში პრობლემების ანალიზი და მათი იდენტიფიცირება მოხდება, რის შემდეგაც რეკომენდაციები გაიცემა.