ეთნიკურად აზრებაიჯანელმა მოქალაქეებმა აზერბაიჯანის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი 12 მარტს ფონიჭალაში სპეცოპერაციის დროს დაკავებული დედა-შვილის განთავისუფლებას მოითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა აზერბაიჯანელი დედა-შვილის საცხოვრებელი სახლიდან დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.
აქციის მონაწილეების თქმით, ნარკოტიკები მათ არ ეკუთვნით და სამართალდამცველებმა ისინი თავად ჩადეს.
დაკავებულების ადვოკატის, რევაზ რიჟამაძის, განმარტებით, საქართველოში არ არსებობს უწყება, ან ორგანიზაცია, რომელიც აზერბაიჯანელი წარმომავლობის ადამიანებს დაიცავს. შესაბამისად, მათ პროტესტი აზერბაიჯანის საელჩოსთან გამოხატეს.
„ჩვენი მოთხოვნაა, დაცული იქნას ამ მოქალაქეების უფლებები, ვინაიდან 12 მარტს ათეულობით ადამიანის თვალწინ პოლიციის თანამშრომლებმა ჩაუდეს ნარკოტიკული ნივთიერება მთელ ოჯახს. მთელი ოჯახი არის დაკავებული. ფაქტობრივად, ამ ადამიანების უფლებების დამცველი არ არის საქართველოში, არ მოიპოვება ორგანიზაცია, უწყება, ამიტომაც მათ გადაწყვიტეს, თავიანთი ეთნიკური წარმომავლობიდან გამომდინარე, მიემართათ აზერბაიჯანის საელჩოსათვის,“ - აცხადებს ადვოკატი.
საქმეზე გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით მიმდინარეობს.