შპს „ინტერ ტექნიკის“ მფლობელები დიდ დიღომში მდებარე საწყობში ხანძრის განზრახ გაჩენას ეჭვობენ. კომპანიის 51-პროცენტიანი წილის მფლობელი თენგიზ ჭანტურიაა, 49 პროცენტს კი ფლობს პაატა ნოზაძე.
კომპანიის მფლობელებს შორის უკვე წლებია, სამოქალაქო დავა მიმდინარეობს. სწორედ მიმდინარე დავის გამო, პაატა ნოზაძის ადვოკატი, დიმიტრი ღონღაძე არ გამორიცხავს, რომ საწყობში გაჩენილი ხანძარი შურისძიებას და დიდი ფინანსური ზიანის მიყენებას ემსახურება.
პაატა ნოზაძის თქმით, დაპირისპირება ბიზნესპარტნიორს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც გაირკვა, რომ ჭანტურია, კომპანიის ფინანსებს პირადი ინტერესებისთვის იყენებდა. ნოზაძემ ამ დარღვევების დაფიქსირების შემდეგ გადაწყვიტა სამოქალაქო დავის დაწყება.
პაატა ნოზაძის ადვოკატი ამბობს, რომ მხარეების გაყოფის წესზე ვერ შეთანხმდნენ და გადაინაცვლა დავამ სასამართლოში.
„დირექტორი საზოგადოების საერთო ბიუჯეტს წარმართავდა და იყენებდა მისი პირადი მიზნებისთვის. საზოგადოების ქონება ჩადებული იქნა ბანკში, აღებული იქნა თანხა კომპანიის სახელით, რომელიც მან დაუთმო სხვა კერძო კომპანიას, რომელიც იყო თავისი კომპანია. საუბარია, დაახლოებით, 200 ათასი დოლარის კრედიტზე. ეს ალბათ, ემსგავსება უფრო მოწინააღმდეგე მხარისთვის დიდი ფინანსური დარტყმის მიყენებას. შეიძლება იყოს შურისძიებაც,“ - განაცხადა ადვოკატმა.
დიდ დიღომში მომხდარ ფაქტს პაატა ნოზაძეც ეხმაურება და ამბობს, რომ ხანძრის შედეგად დაშავებულ ზურაბ მჭედლიძეს არ იცნობს და იმედოვნებს, რომ საგამოძიებო უწყებები მომხდარს დროულად გამოიძიებენ.
ნოზაძის თქმით, დაცვის სამსახურის მხოლოდ ერთი ადამიანი მუშაობდა ხანძრის ღამეს.
„ეს პიროვნება საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის, საიდან გაჩნდა. მაგისთვის არსებობს საგამოძიებო უწყება, რომელმაც უნდა დაადგინოს, თუ რას აკეთებდა, დაახლოებით, ღამის 22:00 საათზე ეს ადამიანი საწყობში,“ - ამბობს პაატა ნოზაძე.
ტერიტორიაზე, სადაც ხანძარი მოხდა, რამდენიმე სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული, თუმცა ყველა მათგანი მწყობრიდან გამოსულია და ფირზე აღბეჭდვა არ ხდება.
კომპანიის 51-პროცენტიანი წილის მფლობელი თენგიზ ჭანტურია კი მედიასთან არ კონტაქტობს და უცნობია, მისი პოზიცია როგორც ხანძართან, ასევე სასამართლოში მიმდინარე დავასთან დაკავშირებით.
ხანძარმა დიღმის საწყობში სულ 4 კომპანიის ქონება გაანადგურა. დაწვეს თუ დაიწვა - ეს არის კითხვა, რომელსაც გამოძიებამ პასუხი უნდა გასცეს. „კურიერის“ ინფორმაციით, ხანძრის დროს დაშავებული ზურაბ მჭედლიძე ცეცხლის გაჩენაში სავარაუდო ბრალდებული.