საქსტატი ამტკიცებს, რომ ქვეყანაში საშუალო ხელფასი 1200 ლარია. აღნიშნულმა მონაცემმა კი მოსახლეობაში კითხვები გააჩნია.
მოქალაქეებს, რომლებსაც თვიდან თვემდე 300-დან 500 ლარამდე ხელფასი აქვთ, აინტერესებთ განმარტება, რის მიხედვით დათვალეს საშუალო ხელფასი.
ეკონომიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები აცხადებენ, რომ საქსტატმა საქართველოში დასაქმებულთა ხელფასი საშუალო არითმეტიკულით გამოითვალა, აიღეს ანაზღაურების სრული თანხა და გაყვეს დასაქმებულთა რაოდენობაზე, ამ მეთოდმა კი რეალობა ვერ ასახა.
სპეციალისტები განმარტავენ, რომ ამ შემთხვევაში დათვლილია მხოლოდ ხელშეკრულებით დასაქმებული პირების ხელფასი და მათი საშუალო არითმეტიკული. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ მონაცემის ხელოვნურად გაზრდა მხოლოდ ხელისუფლების ინტერესში შედის.
ექსპერტები თვლიან, რომ რეალური ციფრის გამოსათვლელად არა საშუალო არითმეტიკულის, არამედ მედიანური მეთოდის გამოყენება იყო საჭირო - ასე ხელფასებს მხოლოდ პოზიციების მიხედვით დაითვლიდნენ.
საქსტატის ხელმძღვანელი, გოგიტა თოდრაძე, ადასტურებს, რომ მედიანური მეთოდის გამოყენების შემთხვევაში, ქვეყანაში საშუალო ხელფასის ოდენობა სხვა ნიშნულს აჩვენებდა.
ამის მიუხედავად, საქსტატის ხელმძღვანელი მაინც ამტკიცებს, რომ საშუალო ხელფასის ოდენობა სწორედ 1200 ლარია, ექსპერტები და მოსახლეობა კი ცდება.
საქსტატი ქვეყანაში საშუალო ხელფასის ოდენობას ყოველ კვარტალში ითვლის, წინა ციფრებთან შედარებით ეს მაჩვენებელი, საშუალოდ, 61 ლარით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნაში მოსახლეობის ცხოვრების დონე, უმუშევრობის პრობლემის მიუხედავად, გაუმჯობესდა.