ოპოზიცია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის გაფართოებას ითხოვს. დეპუტატების განცხადებით, ამის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ოკუპირებულ გალში, რუსულ სამხედრო ბაზაზე ირაკლი კვარაცხელია გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
ოპოზიცია ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს. მათი შეფასებით, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია მნიშვნლოვანი ინსტრუმენტია, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსული აგრესიის წინააღმდეგ აქტიურად უნდა იყოს გამოყენებული.
„კვარაცხელიას მკვლელობასთან დაკავშირებით, განვრცობა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიისა, მის სავარაუდო მკლელებთან დაკავშირებით იქნებოდა კარგი. თუმცა ჩვენ ვნახეთ,რომ რეალურად ეს მექანიზმი რომელიც შეიქმნა, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის სახით არ იქნა გამოყენებული შესაბამისად ხელისუფლების მიერ,“-განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა.
რუსულ სამხედრო ბაზაზე, საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტის გამოძიების მნიშვნელობაზე საუბრობენ, "ევროპული საქართველოშიც". პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, ხელისუფლებაზე განხორციელდება ზეწოლა, რათა აქტიურად დაიწყონ ოთხოზორია-ტატუნაშვილი სიის გამოყენება ოკუპანტებისა და აგრესორების წინააღმდეგ.
„ერთი წლის თავზე ოთხოზორიას მკვლელობიდან , არათუ რუსი ოფიცრები, რომლებიც იქ კლიმატს ქმნის, იქ არ არიან ბრალდებულები, ის პირებიც კი ვინც გადაღებულ ფირზეა უშუალო მკვლელის გვერდზე, თანამონაწილეები მკვლელობის, ისინი არ ჰყავთ სიაში შეყვანილი,“-ამბობს გიგა ბოკერია.
მმართველი გუნდი კი კვარაცხელიას საკითხთან დაკავშირებით გამოძიების დასრულებას ელოდება.
"ეს საკითხი შესაძლებელია დადგეს მას შემდეგ რაც გამოძიება ჩატარდება, ჯერ კიდევ ექსპერტიზის დასკვნებს ველოდებით. ეს საკითხი, ალბათ დადგება,"- აცხადებს "თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი.