17 ნოემბერი 2024,   13:47
ვრცლად
არაკონკურენტული ტენდერები და დახარჯული მილიონები - აუდიტის კრიტიკული დასკვნა შსს-ს მომსახურების სააგენტოზე 

არაკონკურენტული ტენდერები და მილიონობით დახარჯული თანხები - აუდიტის სახელწიფო სამსახურის კრიტიკულ დასკვნაში შინაგან საქმეთა სამსახურის მომსახურების სააგენტო მოხვდა.

აუდიტის დეპარტამენტის უფროსის, სოფიო დვალიშვილის განცხადებით, 13 მილიონის „შკოდის“ მარკის ავტომობილი შსს-მ საგამოცდო და საპატრულო პოლიციისთვის შეისყიდა, თუმცა ნაწილი არამიზნობრივად გამოიყენა და პატრულისთვის განკუთვნილი მანქანებით მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები სარგებლობენ.

„შესაბამისი ვალდებულება 2018 წლის პირველ სექტემბრამდე ვერ შესრულდა, ამიტომ  ვინაიდან მანქანების ნაწილი იყო გამოუყენებელი, იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ მომხდარიყო მათი განპიროვნება სააგენტოს თანამშრომლებზე. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გავეცით რეკომენდაცია, რომ მნიშვნელოვანია შესაბამისი მიზნობრიობით მოხდეს ავტომანქანების გამოყენება. საპატრულო პოლიციის მანქანებიდანაც ნაწილის განპიროვნება დროებით მოხდა სააგენტოს თანამშრომლებზე. საგამოცდო მანქანების და საპატრულო მანქანების შესყიდვის მიზნით განხორციელებული ტენდერების ღირებულება დაახლოებით, 13 მილიონ ლარს შეადგენდა,“ - განაცხადა სოფიო დვალიშვილმა.

აუდიტის დასკვნით ასევე ირკვევა, რომ მომსახურების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერების 43 პროცენტი არაკონკურენტულ გარემოში კონკრეტული კომპანიებისთვის მორგებული პარამეტრებით ჩატარდა.

„აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ ეს ვიდეოკამერები 10 თვის განმავლობაში სააგენტოს საწყობში ინახებოდა, შესაბამისად, ჩვენთვის ეს საფუძველი და მოტივი შესყიდვის ვერ იქნა დასაბუთებული. ამჟამად, ყველა კამერა ექსპლუატაციაშია. ჯამში, სააგენტოს მიერ განხორციელებული ტენდერების 43 პროცენტი განხორციელდა არაკონკურენტულ გარემოში,“ - განაცხადა სოფიო დვალიშვილმა. 

დღის ამბები