სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს ყველა რესურსი, რომ სათანადოდ დაისაჯონ დამნაშავეები - ეს განცხადება, სახალხო დამცველმა ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.
ომბუდსმენის თქმით, სწორედ დაუსჯელობის განცდამ განაპირობა ის ფაქტები, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ უკანონო ქმედებები არ წყდება.
„სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს ყველა შიდა და საერთაშორისო ბერკეტი იმისათვის, რომ ნამდვილად გამოიკვეთოს პასუხისმგებელი პირები და ამ საკითხთან დაკავშირებით მოხდეს მათზე შორის საერთაშორისო რეაგირებაც. სწორედ აი, ეს დაუსჯელობის სინდრომი უწყობს ხელს იმას, რომ სამწუხაროდ კვლავ გრძელდება ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ მსგავსი უკანონო ქმედებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ სამართლებრივი და ყველა პოლიტიკური ბერკეტი უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ ადამიანებმა, რომლებიც არიან ჩართული ასეთ საქმიანობაში იგრძნონ, რომ მათთვის დღეს, ან ხვალ აუცილებლად დადგება პასუხისმგებლობის საკითხი,“- განაცხადა ლომჯარიამ.