მცირე ჰესის „ხელედულა 3“-ის მშენებლობა და მოსახლეობის პროტესტი - ლენტეხის მუნიციპალიტეტში ადგილობრივებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს დაანონსებულ შეხვედრაზე შესვლის საშუალება არ მისცეს.
ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად საჯარო განხილვაა დაგეგმილი. თუმცა, ადგილზე მისულ მთავრობის წარმომადგენლებს, მოსახლეობა საპროტესტო აქციით დახვდა და მცირე შეკამათება მოხდა. ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
ადგილობრივები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. მოსახლეობის თქმით, ჰიდროელექტროსადგურისთვის კომპანია გვირაბების მოწყობას გეგმავს იმ ტერიტორიაზე, სადაც მოსალოდნელია ღვარცოფული, მეწყრული, ეროზიული და სხვა საშიში გეოლოგიური პროცესების გააქტიურება.
მთავრობის წარმომადგენლებმა, მათ შორის, სოზარ სუბარმა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ მოსახლეობის პროტესტის გამო მესტიის კულტურის სახლში გადაინაცვლეს, თუმცა, ადგილობრივები, ჯერჯერობით, არ გეგმავენ შეხვედრაზე შესვლას. კულტურის სახლში იმყოფება ასევე, მესტიის მაჟორიტარი, ვიქტორ ჯაფარიძე.
ჰესის მშენებლობა მდინარეების ხელედულას და დევაშის ხეობებში იგეგმება. მშენებლობისთვის 18-20 ჰექტარზე ტყეც გაიჩეხება. სოფლებში - ხელედში, წანაშსა და ლესემაში საცხოვრებელ სახლებსა და საკარმიდამო ნაკვეთებს დატბორვა ემუქრება. მოსახლეობა ჰესის მშენებლობის წინააღმდეგია.
„ხელედულა 3“ ჰესის მშენებლობით შპს „ხელედულა ენერჯია“ დაინტერესებული, რომელიც 2015 წლის 16 სექტემბერს არის რეგისტრირებული. 100 %-ის მესაკუთრეა თურქული კომპანია „ანადოლუ კავკასია ენერჟი იათურიმლარი“.