სამი ახალგაზრდა, რომელიც გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მე-9 განყოფილების თანამშრომლებს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ, ისევ პატიმრობაში რჩება.
სასამართლომ დღეს მათი აღკვეთის ღონისძიების გადახედვაზე იმსჯელა, თუმცა გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა. სამი დაკავებულიდან ერთს ბრალად პოლიციაზე თავდასხმა ედება, ორს კი, სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ადანაშაულებენ.
დაცვის მხარის მტკიცებით, განყოფილებაში ახალგაზრდების ცემის მოტივი არ არსებული დანაშაულის აღიარება იყო. ადვოკატის თქმით, არსებობს ვიდეომასალა იმის თაობაზე, რომ ახალგაზრდებს პოლიციის განყოფილებაში ფიზიკურად გაუსწორდნენ. ასევე, არიან თვითმხილველებიც ოჯახის წევრების სახით.
„სტრატეგიაა ზოგადად პროკურატურის პირდაპირ ხელის დაფარება დანაშაულზე პოლიციელების მხრიდან. სხვანაირი ახსნა ამ ყველაფერს არ აქვს. წარმოუდგენელია არსებულ კადრებში არ იკვეთებოდეს ეს და არ ჩანდეს პოლიციელების დანაშაული ამ სამი ახალგაზრდის მიმართ,“ - აცხადებს ერთ ერთი დაკავებულის ადვოკატი გიორგი ყიფშიძე.
აღნიშნული შემთხვევა გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მე-9 განყოფილებაში 4 თებერვალს მოხდა.