სოციალური მომსახურების სააგენტო დღეიდან პარალიზებულია - მიზეზი სააგენტოს თანამშრომლების გაფიცვაა. სამსახურებში გასვლის ნაცვლად სოციალური მუშაკები დილიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან იკრიბებიან.
თბილისის გარდა, სოციალური მუშაკები სამსახურში გასვლაზე უარს ამბობენ ქუთაისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. მათი მოთხოვნა უმძიმესი სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ბენეფიციარებისთვის ეფექტური და მყისიერი მომსახურებების შექმნაა.
გაფიცვის თავიდან ასაცილებლად სოცმუშაკები განსაკუთრებით რეგიონებში მათზე არსებულ ზეწოლაზე საუბრობენ. გაფიცულებს მხარს უჭერს პროფკავშირების გაერთიანება.
“ინფორმაცია ქედადან, გურიიდან, ქობულეთიდან, სადაც სოციალური მომსახურების ცენტრების უფროსები ზეწოლას ახდენენ და აშანტაჟებენ სოც.მუშაკებს. EMC, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც გვერდში უდგანან სოციალურ მუშაკებს, ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს და ყველა ის ადამიანი, რომელიც არღვევს მათ უფლებებს, მიეცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ეს გაფიცვა გაგრძელდება მანამ, სანამ არ დაკმაყოფილდება ეს მოთხოვნები,“-განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორმა კოტე ერისთავმა.