„ვიფიცებით ჩვენი უფლებების დასაცავად, რათა შევძლოთ თქვენი უფლებების დაცვა," - ეს წარწერა სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელებს ბათუმის ოფისში დახვდათ. დანარჩენი რეგიონების მსგავსად დღეს, ბათუმის მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებიც გაიფიცნენ.
ბათუმის სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფისი დღეს დილიდან ცარიელია. სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები აჭარის თითქმის ყველა რაიონიდან ამ წუთებშიც ბათუმში ვარდების სკვერში იმყოფებიან.
აქციის მონაწილეთა ნაწილი, ქობულეთის სოციალური მუშაკები, ხელმძღვანელების მხრიდან მუქარაზე საუბრობს. თამარ ღუნაშვილი ირწმუნება, რომ აჭარის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ქობულეთის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად, განახორციელა ფსიქოლოგიური ზეწოლა და სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრა.
აქციას შეუერთდა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. ისინი სწორედ იმ სოციალური მუშაკს გაუწევენ სამართლებრივ დახმარებას, რომელზედაც მიმდინარეობდა მუქარა და ამის შესახებ შსს გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავენ.