სოციალური მუშაკები არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებენ მათ აქციას შეუერთდნენ. ამ წუთებში ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში სოციალური მუშაკები საპროტესტო აქციას მართავენ და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
სოციალურ მუშაკებს სოლიდარობას უცხადებს საიას. სულხან სალაძის განცხადებით, მათი მოთხოვნები ლეგიტიმურია. საიას თავმჯდომარე იმ ზეწოლაზე საუბრობს, რომელი აქციის ჩატარებას წინ უძღოდა. სულხან სალაძის თქმით, იყო მცდელობები იმის, რომ მოეხდინათ გავლენა და სოციალური მუშაკები არ გასულიყვნენ საპროტესტო აქციაზე.
„ყველა წესის დაცვით გაიარეს ის ეტაპები რომელიც შეიძლება იყოს დაკავშირებული გაფიცვასთან. ამის მიუხედავად იყო შემთხვევები როდესაც ერთგვარი ზეწოლის ფაქტები შეიძლება ყოფილიყო მათ არ შეეწყვიტათ მუშაობა, არ ყოფილიყო გაფიცვა. ჩვენ მოვუწოდებთ ჯანდაცვის სამინისტროს პირველ რიგში რომ უზრუნველყოს იმ უფლებით სარგებლობა რომელიც გარანტირებულია კანონით,“-განაცხადა სულხან სალაძემ.
სოციალურ მუშაკებს სოლიდარობას უცხადებს ფონდი ”ღია საზოგადოება საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორიც. ქეთევან ხუციშვილი აცხადებს, რომ ის პირობები რომელშიც სოციალურ მუშაკებს მუშაობა უწევთ საგანგაშოა.
„სრულიად საგანგაშოა ის შრომის პირობები რომელშიც მათ უწევთ მუშაობა. ერთი მხრივ გადატვირთული გრაფიკი. დაბალი ხელფასი, უსაფრთხოება რომელიც არ არის დაცული. აშკარაა , რომ რამდენიმე ასეულ სოციალურ მუშაკს უწევს ძალიან დიდ პრობლემებთან გამკლავება. მათი მოვალეობები ბოლო წლებში გაიზარდა მაგრამ არანაირად არ გაუმჯობესებულა შრომის პირობები. სწორედ იმიტომ, რომ ისინი დღეს გაფიცვას იწყებენ სრულად გამართლებულია და მისასალმებელიც,“-განაცხადა ქეთევან ხუციშვილმა.