პროტესტის მეორე დღე - სოციალური სააგენტოს, სოცმუშაკები მეორე დღეა ქვეყნის მასშტაბით გაფიცულები არიან. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებასთან ერთად, რეალურ ბერკეტებს ითხოვენ იმ ადამიანთა დასახმარებლად, ვისაც მათი თანადგომა სჭირდებათ.
„კურიერის“ გადამღები ჯგუფი ისანი-სამგორის რაიონის სოციალური მომსახურების სერვისცენტრში იმყოფებოდა, სადაც სოც.მუშაკების სამუშაო ოთახების ნაწილი მეორე დღეა დაკეტილია.
ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ბენეფიციარებს სააგენტოს სხვა თანამშრომლები მოემსახურებიან, თუმცა ვინ არიან ეს ადამიანები და აქვთ თუ არა მათ შესაბამისი კვალიფიკაცია, ამაზე განმარტება არ კეთდება.
„მიბრძანდით ცენტრალურში და იქ მოგცემენ, მე ვერ მოგცემთ ამ ინფორმაცია. ნერვები არ მყოფნის და მიბრძანდით ცენტრალში სამინისტროში და იქ გეტყვიან. ბენეფიციარები რომ მოდიან იქ, ხვდება იქ თანამშრომლები,“ - ამბობს ცენტრის ხელმძღვანელი.
საქართველოს ათასობით მოქალაქე, რომელიც ოჯახური ან სხვა სახის ძალადობის მსხვერპლია და რომელსაც სასწრაფოდ სჭირდება დაცვა, მეორე დღეა სათანადო ყურადღებისა და დახმარების გარეშეა დარჩენილი.
ჯანდაცვის სამინისტრო კი კომპრომისზე არ მიდის და ამბობს, რომ გაფიცულ სოციალური მუშაკებს დროებით სხვა თანამშრომლებით ჩაანაცვლებენ.
დღეს სოციალური მუშაკები ქუჩის აქციებსაც განაახლებენ.