17 ნოემბერი 2024,   13:28
ვრცლად
მსჯავრდებული მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - იურისტი დეკანოზისთვის შექმნილ ცუდ პირობებზე საუბრობს

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავაც მძიმეა. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომელმაც სასულიერო პირი ციხის საავადმყოფოში მოინახულა.

იურისტ დავით ჯანდიერის თქმით, მამა გიორგი მამალაძის მკურნალობის გასაგრძელებლად სამედიცინო დაწესებულებაში არასათანადო პირობებია შექმნილი.

მსჯავრდებული დეკანოზის ადვოკატი და ოჯახი ითხოვს, რომ მამა გიორგი მამალაძე სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანონ.

„მისი პირობები არის ცუდი. მაგალითად, გათბობასთან დაკავშირებული, ცხელ წყალთან დაკავშირებული. ემატება ის, რომ გუშინ აბსოლუტურად არანორმალური სიტუაცია მოხდა, როდესაც სტაციონარულ ბარათზე წვდომა არ იყო იმიტომ, რომ ეს ბარათი იყო ჩაკეტილი, ვიღაც ექიმმა წაიღო და წვდომა არ ჰქონდა ადმინისტრაციასაც კი.

როდესაც 18 დღის განმავლობაში სამინისტრო ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხზე არ რეაგირებს, როდესაც მინისტრი გამოდის და ამბობს ტყუილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით იმ პირობებში, როდესაც სამედიცინო დასკვნები და ექსპერტიზის დასკვნები სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილია, როგორც დამადასტურებელი მისი რეკომენდაციის, ეს ნიშნავს მამალაძის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არასენსიტიურობას და განზრახვას, რომ ის იმყოფებოდეს იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც არის,“ - განაცხადა დავით ჯანდიერმა.

მამა გიორგი მამალაძე საკვების მიღებაზე უარს ამბობს, რადგან სამედიცინო დაწესებულების პერსონალი მას მხოლოდ არასამარხვო საკვებს აწვდის.

ამავე თემაზე
დღის ამბები