ზიანის შემცირების ეროვნულ კონფერენციაზე აქტივისტებმა პროტესტის ნიშნად იმ პოლიტიკოსების ბანერები მიიტანეს, რომლებიც კონფერენციას არ ესწრებიან. წინა რიგში აქტივისტებმა დავით სერგეენკოს, გიორგი გახარიას, სოფო კილაძის, არჩილ თალაკვაძისა და ირაკლი ღარიბაშვილის ფოტოები გამოფინეს.
აქტივისტები აცხადებენ, რომ ეს პოლიტიკოსები კონფერენციას უნდა ესწრებოდნენ და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს და დარგის სპეციალისტებს უსმენდნენ.
„ძირითადი მიმართულებები გვექნება საუბარი ზიანის შემცირების პროგრამებზე და ამ პროგრამების მდგრადობაზე იქიდან გამომდინარე, რომ იცვლება სახელმწიფო დაფინანსების მნიშვნელობა, თუმცა პოლიტიკური ნება ამასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ არის. კონფერენციის შედეგად ჩვენ გამოვიტანთ სამოქალაქო საზოგადოების, სათემო ორგანიზაციების და აქტივისტების შემუშავებულ დეკლარაციას, რომელიც ჩამოაყალიბებს იმ მოთხოვნებს, რომლებიც ჩვენ გვაქვს სხვადასხვა საჯარო უწყებებისთვის, მათ შორის პარლამენტისთვის, ჯანდაცვის სამინისტროსთვის, ფინანსთა სამინისტროსთვის და ეს დეკლარაცია იქნება დოკუმენტი, რომლითაც ვიხელმძღვანელებთ ჩვენს შემდგომ ურთიერთობაში მათთან,“ - განაცხადა კონფერენციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ზიანის შემცირების ეროვნულ კონფერენციაზე ნარკოპოლიტიკასა და ზიანის შემცირების ხელმისაწვდომობაზე მსჯელობენ. კონფერენციას ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, პოლიტიკოსები, მკვლევარები და დაინტერესებული პირები ესწრებიან.
„ნარკოდამოკიდებულებასთან ბრძოლის ყველაზე საუკეთესო გზა დეკრიმინალიზაციაა. მომხმარებლის დასჯა არ მოაგვარებს პრობლემას. ასეთ ადამიანებს სჭირდებათ მხარდაჭერა სხვადასხვა მომსახურებების საშუალებით, მაგალითად ევროკავშირი ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს სთავაზობს ეკონომიკურ მომსახურეობას და აგზავნის სარეაბილიტაციო ცენტრებში. ჩვენი სტრატეგია ცდილობს უპასუხოს მთავარ გამოწვევას, გაარკვიოს რატომ გახდნენ კონკრეტული ადამიანები - მომხმარებლები. თუ ასეთ ადამიანებს ციხეში ჩავსვამთ, ეს პრობლემას არ მოხსნის,“ - განაცხადა უცხოელმა ექსპერტმა.