მორიგი მშენებლობა მთაწმინდის ქედზე, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტსა და შეშფოთებას იწვევს. ვერაზე, მიხეილ ტვერელის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე დაწყებულ მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთეს სამშენებლო კომპანიისა და ამხანაგობის წარმომადგენლებმა.
მათი განცხადებით, მშენებლობა ნორმებთან შესაბამისობაშია და არც ეკლესიას და არც დასახლებას საფრთხეს არ უქმნის.
„გუშინ „რუსთავი 2“-ის ეთერით გავიდა სიუჟეტი და საჯარო პირებმა, მათ შორის ლევან ხაბეიშვილმა, ბატონმა ალექსანდრე ელისაშვილმა, ლაშა ბუღაძემ, სხვა პირებზე აღარ ვიძახი, გააკეთეს კომენტარები, თითქოს და არანაირი დასკვნები არ არსებობს, შენდება მრავალსართულიანი კორპუსი, რაც არის მცდარი და ცილისწამება და რატომ, არქიტექტურის სამსახურის საიტზე არის ყველა დოკუმენტი, ყველა ის ინფორმაცია, რომელსაც კანონმდებლობა ითვალისწინებს, ბუნებაში არ არსებობს საპირისპირო დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე არ შეიძლება მშენებლობა,“ - განაცხადა კომპანიის იურისტმა ირაკლი დათუაშვილმა.
ადვოკატი ზაზა ხატიაშვილის განმარტებით, მთაწმინდის ქედზე მრავალსართულიანი კორპუსი არ შენდება. ის ამბობს, რომ მშენებლობის დაწყებამდე მიხეილ ტვერელის სახელობის ეკლესიის კედელი გაამაგრეს.
„არის ძალიან დიდი მკრეხელობა ეკლესია გამოიყენო შენი ბინძური მიზნებისათვის. ეკლესიის წინ იყო 2 სახლი, ჩემი ძმაკაცი ადვოკატი ცხოვრობდა იქ და ვიცი, აქედან გამომდინარე ამ 2 სახლს ანგრევენ ესენი და აშენებენ ამავე ადგილზე, ზუსტად ამავე ზომის სახლს, არანაირი ფეშენებელური, მრავალსართულიანი არ კეთდება. სანამ დაიწყება მშენებლობა პირველი გაამაგრეს ეკლესიასთან კედელი, რომ მაინც მართლმადიდებელი ერი ვართ და რაღაც საფრთხე რომ არ შექმნოდა ეკლესიას,“ - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.