ქვეყანაში არსებული კრიმინოგენული ვითარება - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეხმაურება. ნათია მეზვრიშვილი დანაშაულის ზრდის სტატისტიკას ციფრებში დანაშაულის ზრდას უწოდებს და მიზეზებსაც განმარტავს.
მისი თქმით, ზოგ შემთხვევაში მიზეზი არის აღრიცხვიანობის გაუმჯობესება, ზოგ შემთხვევაში კი პრობლემა რეალურად დგას.
"თუ ისტერიკაზე დავაფუძნებთ სისხლის სამართლის პოლიტიკას ვიტრიალებთ იგივე წრეზე," - ამბობს მეზვრიშვილი.
მისი თქმით, ადრე არ ხდებოდა ყველა "მცირე ქმედების" რეგისტრაცია. მეზვრიშვილი ამბობს, რომ უწყება პრობლემის მოგვარებას რეფორმებით და ახალი კანონების მიღებით ცდილობს.
ნათია მეზვრიშვილი მიიჩნევს, რომ საგანგაშო არაფერი ხდება. შს მინისტრის მოადგილე აქცენტს დანაშაულზე პოლიციის რეაგირებაზე აკეთებს. მისი თქმით, ყველაფერი შესანიშნავად არ არის, დანაშაული ხდება, მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორია პოლიციის რეაგირება.
„აღრიცხვიანობის გაუმჯობესება ნიშნავს იმას, რომ გუშინ, რომ რაღაცები არ რეგისტრირდებოდა მცირე მნიშვნელობის მქონე ქმედებები, რომლებიც ოდნავ მაინც შეიცავდნენ დანაშაულის ნიშნებს, დღეს ამ ყველაფერს ვარეგისტრირებთ, იმიტომ, რომ ცალკე აღებული ციფრები უბრალოდ არ გვაინტერესებს,“ - ამბობს ნათია მეზვრიშვილი.
ჟურნალისტის კითხვაზე კი, იკვეთება თუ არა დანაშაულის ნიშნები, როდესაც არ ხდებოდა აღრიცხვიანობა, ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ „მიზეზებს გააჩნია, აქ ინდივიდუალურ შემთხვევას უნდა ჩავყვეთ - აქ შემადგენლობა რომ იყოს დანაშაული ვინმეს ქმედებაში, ამას განზრახვა სჭირდება. დანაშაულის შემადგენლობის ყველა ელემენტი უნდა იყოს სახეზე“.