33 წლის ქალი, რომელსაც ყოფილმა ქმარმა დანით შვიდი ჭრილობა მიაყენა, ქირურგიის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მას ქირურგიის ცენტრში ოპერაცია ჩაუტარდა.
ექიმების თქმით, ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მათივე განცხადებით, მდგომარეობის სიმძიმის მიუხედავად, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
"პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმე რჩება კვლავ, იმყოფება რეანიმაციის განყოფილებაში. უტარდება ხელოვნური სუნთქვა, თუმცა, აღენიშნება გარკვეული გაუმჯობესების ტენდენცია. ძირითადი სასიცოცხლო ფუნქციები ნორმალიზებულია, არის ტენდენცია, რომ კვლავ გაუმჯობესდეს," - განაცხადა ექიმმა.
33 წლის ქალი ყოფილმა ქმარმა ორი დღის წინ დაჭრა. დანით შეიარაღებულმა შმაგი დოლიძემ ყოფილ ცოლს სილამაზის სალონში მიაკითხა, კოსმეტოლოგის კაბინეტში გაიყვანა და დანა შვიდჯერ ჩაარტყა, განსაკუთრებით მძიმეა გულის არეში მიყენებული ჭრილობა.
ბრალდებული დაკავებულია და ბრალს აღიარებს, თუმცა გამოძიებასთან არ თანამშრომლობს.