ხმაური მთაწმინდაზე - ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა ტვერელის ეკლესიის მიმდებარედ ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა გააპროტესტეს.
ხმაური ადგილზე მკ დეველოპმენტის წარმომადგენლების გამოჩენამ გამოიწვია. მათ აქციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ და სამშენებლო ნებართვების გაყალბებაში დაადანაშაულეს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ აღნიშნულ ადგილას საფუძვლიანი გეოლოგიური კვლევა არ ჩატარებულა, შესაბამისად შესაძლოა, ტვერელის ეკლესიის საძირკველთან ჩატარებულმა სამშენებლო სამუშაოებმა სავალალო შედეგი მოიტანოს.
უკვე ერთი თვეა, რაც მთაწმინდის მთაზე ახალი ოთხსართულიანი კომპლექსი შენდება. სამშენებლო სამუშაოები კი უშუალოდ ეკლესიის საძირკველთან მიმდინარეობს. ადგილობრივი მოსახლეობა არ გამორიცხავს, რომ ამ ფაქტმა შესაძლოა ეკლესიის ნგრევა გამოიწვიოს.
ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრი, ელენე ხოშტარია, აღნიშნულ მშენებლობასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიისგან ახსნა-განმარტებებს ითხოვს და ამბობს, რომ სწორედ ამ მიდამოებში ერთხელ უკვე ჰქონდა ადგილი ტრაგიკულ შემთხვევას.
„მოსახლეობას აქვს ძალიან კონკრეტული საკითხები, შიშები. პირველ რიგში, ეს არის ისტორიული ნაწილი და ისტორიულ ნაწილში აი, ასე უცებ მოიხედო და ითხრება ამხელა ორმოები, ეს არის აბსოლუტურად დაუშვებელი. მეორე არის უსაფრთხოების საკითხი. ამ მიდამოებში ორჯერ გვაქვს შემთხვევა, მათ შორის, ტრაგიკული მთის ჩამოშლის და აქ ადამიანებს არ მოხვიდე, არ აუხსნა, არ დაუსაბუთო, წარმოუდგენელია. ასე მოეპყრო შენ მოქალაქეებს, რომლებსაც ეშინიათ, არ შეიძლება. მოვიდეს მერია და ახსნას ეს ყველაფერი, დაასაბუთოს, რა ხდება ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვან მონაკვეთზე,“ - განაცხადა ხოშტარიამ.