2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებულ საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ფედერაცია 15 ათას ევრომდე კომპენსაციას გადაუხდის.
საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებმაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ინდივიდუალური სარჩელით მიმართეს.
გადაწყვეტილება საქმეზე "ბერძენიშვილი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ" სტრასბურგმა დღეს გამოაცხადა.
ქართველების მასობრივი დეპორტაციის გამო, სახელმწიფოთა შორის სარჩელის გარდა, სადაც საქართველო რუსეთს უჩიოდა, იყო ინდივიდუალური სარჩელებიც.
სასამართლომ დაადგინა, რომ 2006 წელს დეპორტირებული ქართველები დაუქვემდებარეს არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას.
საქმე ეხება კომპენსაციას, რომელიც ინდივიდუალურად განისაზღვრა იმის მიხედვით, თუ რამდენად დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ საპყრობილეში ეს ადამიანები რუსეთის ტერიტორიაზე და როგორი იყო მათი მდგომარეობა.
რუსეთიდან დეპორტირებულები იმ დღეებს იხსენებენ, როდესაც მათი დეპორტაცია მოხდა. ამბობენ, რომ იმ არაადამიანურმა მოპყრობამ, რომელიც მათზე იმ დღეებში განხორციელდა, დიდი კვალი და სტრესი დატოვა.
„ვმუშაობდი მარშუტკაზე. დილას რომ გავედი სამსახურში, რვის ნახევარი იყო რომ ამიყვანეს მეტროსთან და წამიყვანეს განყოფილებაში და მითხრეს, რომ დეპორტი უნდა გაგიკეთოთ და გაგიშვათო და პირდაპირ ციხეში წაგვიყვანეს. ქალაქგარეთ იყო, ტყე იყო გარშემო. გაგვაჩერეს 9 დღე. ამ 9 დღის განმავლობაში ძალიან გაუსაძლისი მდგომარეობა იყო. 55 კაცი ვიყავით და ძალიან პატარა ოთახი იყო. ტუალეტი გვერდზე გვქონდა იქვე, ოთახში. 4 საწოლი იყო და რიგრიგობით ვიძინებდით. წაგვიყვანეს სამხედრო აეროპორტში, ტყეში. არც კიბე ჰქონდა, არც არაფერი, პირდაპირ უნდა შემხტარიყავი და ასულიყავი ისე. ავედით თვითმფრინავში და სკამები არ იყო, უბრალოდ ფიცრები იყო დადებული გვერდზე. საბარგო თვითმფრინავი იყო,“ - ყვება 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებული, თემურ კბილაშვილი.