ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბენეფიციარების მომსახურების კუთხით, ჯერჯერობით, შეფერხებები არ არის.
უწყების წარმომადგენლები ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებენ, რომ ორი დღის განმავლობაში, სააგენტოში ბენეფიციარებისგან 140 შეტყობინება შევიდა. აქედან 51 გადაუდებელ შემთხვევაზე ადეკვატური რეაგირება მოხდა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, სოციალური მუშაკების გაფიცვით სამუშაო პროცესები არ შეფერხებულა.
„დაფიქსირდა 140 ახალი შეტყობინება, მათ შორის, 51 იყო გადაუდებელი, რეაგირების საჭიროება. შესაბამისად, 51-ზე მოხდა მყისიერი რეაგირება, რომელშიც შედიოდა ძალადობის შემთხვევები და საპროცესო წარმომადგენლობა. ხოლო დანარჩენი შემთხვევების მოხდა აღრიცხვა, რეგისტრაცია, განცხადების მიღება. საჭიროების შემთხვევაში, ვაუჩერის ამობეჭდვა და გაცემა,“ - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ.
განცხადება ამავე საკითხზე გააკეთა სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ცენტრის უფროსმა, ავთანდილ ცქვიტარიამ.
„არის მუშა ჯგუფი შექმნილი, ფუნქციები გადანაწილებული. პროგრამა პარალიზებული არ არის და დღესდღეობით ვმუშაობთ ამ რეჟიმში,“ - განაცხადა ავთანდილ ცქვიტარიამ.