17 ნოემბერი 2024,   13:30
ვრცლად
3 თვე გახდება 6 თვე - რუსთავი2-ის ადმინისტრაციის და პერსონალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი საპენსიო სქემაზე

„ყურში გამჯდარი სამი თვე, რეალურად არ არის 3 თვე, ეს არის, პრინციპში, უკვე 6 თვე,“ - ეს განცხადება სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის ადმინისტრაციის და პერსონალური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თამილა გველესიანმა, დაგროვებით საპენსიო რეფორმაზე საუბრისას გააკეთა.

თამილა გველესიანი განმარტავს, რომ რიგ შემთხვევებში კომპანიები წინა თვის ხელფასებს ყოველ მომდევნო თვეს რიცხავენ, ამ შემთხვევაში კი მოქალაქე, რომელიც უკვე 40 წელს გადაცილებულია, რომლისთვისაც მისთვის დაგროვებით საპენსიო რეფორმაში ჩართვა ნებაყოფლობითია, გარკვეული ბარიერების წინაშე აღმოჩნდება.  

„იანვრის 2 პროცენტი როდესაც ჩამოგეჭრა და გადაირიცხა, მაგალითად, მომდევნო თვის და ბევრი კომპანიაა, რომელიც სწორედ მომდევნო თვის 5 რიცხვამდე რიცხავს ხელფასს, გამოჩნდება ის, რომ შენ დარეგისტრირდი საპენსიო ფონდში იმ დღეს, თებერვლის მინიმუმ 5 რიცხვში. რაც იმას ნიშნავს, რომ თებერვლის 5-დან იწყება ათვლა სწორედ იმ სამი თვის ანუ მარტის ან აპრილის 5 კი არა, მაისის. გეძლევა უფლება, რომ გააკეთო განცხადება 5 მაისიდან 2 თვის განმავლობაში,“ - განაცხადა თამილა გველესიანმა.

თამილა გველესიანი ამბობს, რომ 40 წელს გადაცილებულ მოქალაქეს, რომელსაც არ სურს, რომ დაგროვებითი საპენსიო რეფორმაში ჩაერთოს, ცოცხალ რიგში მოუწევს დგომა და მათ არ აქვთ შესაძლებლობა, რომ ელექტრონული განცხადების საფუძველზე გამოეთიშონ პროგრამას.

თამილა გველესიანის თქმით, მისთვის უცნობია, რის საფუძველზე არ უნდა ჩამოაჭრას დასაქმებულს 2 პროცენტი მაშინ, როდესაც ის უკვე უარს იტყვის დაგროვებით საპენსიო პროგრამაში მონაწილეობაში.

ამის საპასუხოდ საპენსიო სააგენტოს დირექტორი, ლევან სურგულაძე, ამბობს, რომ მთლიანი თანხა 40 წელს ზემოთ მყოფ მოქალაქეს სარგებლის ჩათვლით დაუბრუნდება. 

საპენსიო ფონდის რეფორმა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. დაგროვებითი პენსიის რეფორმაში ჩართვა სავალდებულოა ყველა იმ მოქალაქისთვის, რომელიც 2018 წლის 6 აგვისტომდე არ იყო 40 წლის. ფორმულის მიხედვით, დასაქმებული საკუთარი ხელფასიდან, იგულისხმება დღგ-ს ჩათვლით ხელფასი, იხდის 2%-ს. 2%-ს იხდის დამსაქმებელიც და ასევე სახელმწიფოც.

დღის ამბები