"კურიერმა" იმ პირის ვინაობა გაარკვია, ვინც გასულ ღამეს, დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ბრალდებით დააკავეს.
მირიან მჟავანაძე ბათუმში აიყვანეს. უცნობია, რა მოტივით გაავრცელა მან ფარული კადრები. დაკავებულის მამა ამბობს, რომ არ იცის, როგორ მოხვდა მის შვილთან დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა.
მისი თქმით, არც იმის შესახებ აქვს ინფორმაცია, როგორ, ან რა მიზნით გავრცელდა მისი შვილის IP მისამართიდან ფარული ვიდეოკადრები.
დაკავებულის მამა ამბობს, რომ მათ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მისი თქმით, დაკავებული სრულწლოვანია.
„ჩხრეკა მიმდინარეობდა ჩემს სახლში, მაგრამ ბავშვი იყო ბათუმის ახლომდებარე სოფელში და იქიდან აიყვანეს. ჩვენთან მოვიდნენ, მაგრამ იქ გადავამისამართეთ. რატომ გაავრცელა არ ვიცი, ან საიდან შევიდა მასთან, არ ვიცი. 19 წლისაა ჩემი შვილი, “-ამბობს დაკავებული მამა.
როგორც ცნობილია, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში ორი კვირის წინ მირიან მჟავანაძის სახელით აიტვირთა, თუმცა შს სამინისტრომ ინფორმაცია მას შემდეგ მიიღო, რაც ამის შესახებ ჟურნალისტმა ელისო კილაძემ პოლიციას მიმართა.