სოციალური მუშაკების გაფიცვას პრემიერი მამუკა ბახტაძე მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა.
პრემიერის განცხადებით, სოციალური პოლიტიკა მმართველი გუნდის პრიორიტეტული საკითხია. ბახტაძე ასევე, ამბობს, რომ სოცმუშაკების სამუშაო გრაფიკის ცვლილება, სოციალური სერვისები გაზრდამ გამოიწვია.
„მინდა გამოვეხმაურო სოციალური მუშაკების პრობლემებს. პირველ რიგში, მსურს დავაფიქსირო ჩემი ღრმა პატივისცემა თითოეული მათგანის მიმართ. ეს არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული პროფესია, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ ზრუნვას და დაკავშირებულია ამავე დროს სერიოზულ პასუხისმგებლობასთან და მე ეს ძალიან კარგად მესმის. ამავე დროს, სოციალური პოლიტიკა არის ჩვენი გუნდის უმთავრესი პრიორიტეტი, ჩვენ წლიდან წლამდე ვცდილობთ, რომ ჩვენი სოციალური სერვისები გავზარდოთ და შესაბამისად, ბუნებრივია, ამ ადამიანების სამუშაო გრაფიკიც ხდება უფრო და უფრო რთული და მართლაც, თითოეული მათგანის სამუშაო გრაფიკი არის ძალიან მძიმე,“ - განაცხადა პრემიერმა.
სოცმუშაკების მოთხოვნებზე საუბრისას, მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს უკვე შემუშავებული აქვს სამოქმედო გეგმა.
ბახტაძის თქმითვე, სოცმუშაკების გაფიცვის მიუხედავად, სოციალური სერვისებს შეფერხებით არ უმუშავიათ.
„მინისტრმა დავით სერგეენკომ წარმოადგინა კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს სოციალური მუშაობის სფეროში დასაქმებული ადამიანების მხარდაჭერას, მათ ხელშეწყობას. ამ გეგმის ნაწილი უკვე განხორციელებულია. თქვენ იცით, რომ ჩვენ შესაბამისი ახალი კანონიც მივიღეთ, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს სოციალურ პოლიტიკას საქართველოში და იცით, რომ მიმდინარეობს კომუნიკაცია სამინისტროს და ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს შორის და ჩვენ უზრუნველვყავით ის, რომ არ მომხდარიყო წყვეტა სოციალური სერვისების,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
სოციალური მუშაკები მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე მეოთხე დღეა, რაც გაფიცულები არიან და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვენ. რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჯანდაცვის მინისტრსა და სოცმუშაკებს შორის გამართული შეხვედრა, სადაც გაფიცულების მოთხოვნებზე იმსჯელეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით სერგეენკოს იმედი აქვს, რომ გაფიცვა დასრულდება, თუმცა, ამ დროისთვის თავად სოციალური მუშაკების პოზიცია უცნობია.