უბედური შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე - შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინსპექტორი, მაია მიქაია მიწის ჩამოშლის შედეგად ორი ადამიანის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება.
მიქაიას თქმით, საქმეზე მიმდინარეობს მოკვლევა, დაწყებულია დოკუმენტაციის გაცნობა და თვითმხილველების გამოკითხვა.
მისივე განცხადებით, პირველადი მონაცემებით არ ხდებოდა რისკების შეფასება და საფრთხეების იდენტიფიცირება, რამაც ეს ტრაგედია გამოიწვია.
მიქაია ასევე ეხმაურება კომპანია „ტრანსმშენის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ ამ მონაკვეთზე სპეციფიკური სამუშაოების გამო ქვეკონტრაქტორი კომპანია დაიქირავეს და გარდაცვლილი თანამშრომლები დაქირავებულ კომპანიაში მუშაობდნენ.
მიქაია ამბობს, რომ ეს ფაქტი „ტრანსმშენს“ არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან.
„პირველი სურათი რაც არის, შეგვიძლია ვთქვათ, იმ საფრთხეებიდან გამომდინარე და იმ სურათიდან, რაც არსებობს ობიექტზე, არ ხდებოდა კონკრეტული რისკების შეფასება და სწორედ ამან გამოიწვია ეს კონკრეტული შემთხვევა. ხოლო უფრო დეტალურად, რა სისტემურმა და ძირეულმა მიზეზებმა გამოიწვია აღნიშნული შემთხვევა, მხოლოდ მას შემდგომ შეგვიძლია გითხრათ, როდესაც დასრულდება ეს მოკვლევის პროცესი და კომპლექსურად შემოწმდება ყველაფერი, როგორც დოკუმენტაცია, შემსწრე პირები და ობიექტის შემოწმების შემდგომ,“ - განაცხადა მარიამ მიქაიამ.
ჭავჭავაძის გამზირზე, ყოფილი ლეჩკომბინატის ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობაზე მიწის ნაწილი მოწყდა. შემთხვევას ერთი 25 წლის და ერთი 48 წლის მუშა ემსხვერპლა.