სახალხო დამცველის მწვავე დასკვნა - ქვეყნის მთავარი უფლებადამცველის ყურადღების ცენტრში ორი ყველაზე ხმაურიანი ფაქტი ხვდება. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ დავით სარალიძის და თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის გამოძიება ამ საქმეებში კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს.
ნინო ლომჯარია, შემაჯამებელ დოკუმენტში, სამართალდამცველების სამსახურებრივ გულგრილობასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე წერს. ომბუდსმენი შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთავარ პროკურატურას საქმეების მასალების დაფარვაშიც ადანაშაულებს, რის შედეგადაც სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და მაჩალიკაშვილების ოჯახს არ მიეცათ კონკრეტული დოკუმენტების გაცნობის შესაძლებლობა.
ომბუდსმენის შეფასებით, ხორავას ქუჩის გახმაურებულ საქმეზე სრულყოფილი გამოძიება საერთოდ არ ჩატარებულა.
სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა და დაასკვნა, რომ ორივე საქმეზე გამოძიება არაეფექტიანი იყო. ომბუდსმენი ფიქრობს, რომ გამოძიების ტაქტიკა შესაძლოა, საერთოდ არ ემსახურებოდა დამნაშავეთა გამოვლენის საჯარო ინტერესს. ასევე ასკვნის, რომ საქმის გამოძიების დროს ადგილი ჰქონდა სამსახურეობრივი გულგრილობას ან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. სახალხო დამცველი ასევე დაინტერესდა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიერ გამოვლენილი დარღვევების შემდეგ, რა რეაგირება მოახდინა შსს-მ.
რაც შეეხება პანკისში ჩატარებულ ანტიტერორისტულ ოპერაციას, რამდენად პროპორციული იყო თემირლან მაჩალიკაშლის მიმართ გამოყენებული ძალა - ამ კითხვაზე პასუხის არარსებობა სახალხო დამცველმა გახმაურებულ საქმეში ცენტრალურ საკითხად მიაჩნია.
ომბუდსმენი ამბობს, რომ პროკურატურამ მას საქმის მასალების გაცნობის საშუალება არ მისცა. ლომჯარიას პრობლემად მიიჩნია ისიც, რომ მაჩალიკაშვილის ოჯახის არც ერთ წევრს ამ დრომდე დაზარალებულის სტატუსი არ აქვთ, რაც მათ ასევე არ აძლევს საქმის მასალებზე დაშვებას.
სახალხო დამცველი გენერალური პროკურორისგან, შალვა თადუმაძისგან საქმეზე საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს. არასაკმარისი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში კი, ნინო ლომჯარია პარლამენტს მიმართავს, რომ გამოიყენოს ყველა შესაძლო საზედამხედველო ბერკეტი.
სახალხო დამცველის ანგარიში ჯერ კომიტეტებში, შემდეგ კი სხდომაზე განიხილება.