17 ნოემბერი 2024,   15:47
ვრცლად
ჩამოშლილმა მიწამ ორი მუშის სიცოცხლე იმსხვერპლა - ვაკის სამკურნალო კომბინატის მშენებლობა შეჩერებულია

ვაკის სამკურნალო კომბინატის მშენებლობა შეჩერებულია - ეს ის ტერიტორიაა, სადაც 2 ადამიანის სიცოცხლე შეწყდა. ობიექტი, სადაც 2 მუშა დაიღუპა, მხოლოდ სპეციალისტებისთვის არის ღია.

გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რამ იმსხვერპლა 24 წლის დავით არჩვაძის და 41 წლის ედუარდ დავრიშევის სიცოცხლე. შრომის ინსპექციის წინასწარი დასკვნით, კომპანია, რომელიც ვაკეში ახალ კლინიკას აშენებდა, კუსტარულ სამშენებლო ტექნიკას იყენებდა. სამშენებლო ობიექტზე იყო ღია დაუცველი ღოობები რაც ადამიანების სიცოცხლეს დიდ საფრთხეს უქმნიდა.

ის, რაც ინსპექტირების ჯგუფმა ტრაგედიის შემდეგ მარტივად შენიშნა, გამოეპარა მერიის ზედამხედველობის სამსახურს, რომელმაც ობიექტი ჭავჭავაძის 5 ნომერში ერთი კვირის წინ შეამოწმა, თუმცა დარღვევები არ გამოუვლენია. პირველი სანქცია, რომელიც ტრაგედიის შემდეგ სამშენებლო კომპანიას დაეკისრა, ათასლარიანი ჯარიმაა. მისცემენ თუ არა პასუხისგებაში კომპანია „ხიმიჯ სერვისი 2“-ს, ეს გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

ირკვევა, რომ ჭავაჭავაძეზე კლინიკის ასაშენებლად ტერიტორიის მფლობელმა სამშენებლო კომპანია „ტრანსმშენი“ დაიქირავა. „ტრანსმშენმა“ კი საძირკვლის გამაგრება „ხიმიჯი სერვისს“ დაუკვეთა, რომელსაც ოფიციალურად არ ჰქონდა რეგისტრაცია საფრთხის შემცველი სამუშაოების ჩატარებაზე. „ტრანსმშენმა“ განცხადება დიდი ტრაგედიიდან მეორე დღეს გაავრცელა და პასუხისმგებლობა მომხდარზე მის კონტრაქტორს დააკისრა.

ორივე გარდაცვლილს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. დაზარალებული ოჯახებიც გაურკვევლობაში არიან და არ იციან, ვისი შეცდომა იყო, რომ ჩამოშლილმა მიწამ 2 მამაკაცი ადგილზევე მოკლა.

ამავე თემაზე
დღის ამბები