დაპირისპირება პოლიციასთან და ხუთი დაკავებული - ჭავჭავაძის გამზირზე სახალხო დამცველი და საიას თავმჯდომარე მივიდნენ.
ხმაური ტრაგედიის ადგილზე, იქ სადაც ორი მუშა გარდაიცვალა, ცოტახნის წინ იყო. აქციის მონაწილეებმა, რომლებიც მშენებლობებზე უსაფრთხოების ნორმების არ ასრებობას აპროტესტებდნენ, გზის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.
აქციის მონაწილეები რამდენიმე საათია ადგილზე იმყოფებიან და ისინი პრემიერ-მინისტრის, ჯანდაცვის მინისტრის და დედაქალაქის მერის მისვლას ითხოვენ.
დაპირისპირებისას პოლიციის თანამშრომლებმა დავით სუბელიანი, არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენელი, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე და აქციის კიდევ სამი მონაწილე დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულები ვაკის პოლიციის პირველ განყოფილებაში არიან გადაყვანილი.